ყოველი ჩვენთაგანის მიზანია მოვიპოვოთ ის სულიერი ხელთუქმნელი ნათელი, რომელიც აქვს ჩვენს უფალს იესო ქრისტეს

19/08/2016

ყოველი ჩვენთაგანის მიზანია მოვიპოვოთ ის სულიერი ხელთუქმნელი ნათელი, რომელიც აქვს ჩვენს უფალს იესო ქრისტეს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს მცხეთაში, ფერისცვალების დედათა მონასტერში ქადაგებისას განაცხადა. პატრიარქმა ტაძარში შეკრებილებს დღევანდელი დღე მიულოცა და უფლის ფერისცვალების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ილია მეორეს თქმით, დღეს ჩვენ ვიხსენებთ იმ სასწაულს, რომელიც უფალმა სამი მოციქულის წინაშე ქმნა. უწმინდესის თქმით, ”იესო ქრისტემ თაბორის მთაზე სამი მოციქული – პეტრე, იაკობი და იოანე წაიყვანა და მათ წინაშე ფერი იცვალა, მისი სამოსელი გაბრწყინდა ვითარცა მზე და ნათელი იქმნა”. უწმინდესმა საუბრისას აღნიშნა, რომ მაცხოვარმა მოციქულებს ის დიდება უჩვენა, რის ნახვასაც ისინი დაიტევდნენ.

”ყოველი ჩვენგანის მიზანია, რომ მოვიპოვოთ ის სულიერი ხელთუქმნელი ნათელი, რომელიც აქვს უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს”, – ბრძანა უწმინდესმა.

ქადაგების შემდეგ პატრიარქმა სამღვდელოება დააჯილდოვა: დეკანოზი გიორგი მამალაძე მეორე ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა, მღვდელი ანდრია აფხაზაშვილი დეკანოზობით და ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა, ხოლო მღვდელი დავით ქლიბაძე დეკანოზობით და ოქროს ჯვრით.
დღეს ტაძარში დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თანხმლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა. პატრიარქმა პრეზიდენტი დალოცა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0