ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატივსაცემად სასახლეში ოფიციალური სადილი გაიმართა

13/10/2016

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სახელით ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევის პატივსაცემად პრეზიდენტის სასახლეში ოფიციალური სადილი გაიმართა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ, ოფიციალურ სადილზე საქართველოს და ყირგიზეთის პრეზიდენტებმა საქართველოს და ყირგიზეთის მეგობრობის სადღეგრძელოები შესვეს.

„მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ არამხოლოდ მივიღეთ მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, არამედ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის გაღმავებისა და განვითარებისათვის. მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ურთიერთობის ახალ ეტაპს ვიწყებთ, რომელიც მრავალი სიკეთის მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნებისათვის.
ბატონო პრეზიდენტო, ჩვენს ხალხებს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებთ. ქართველები და ყირგიზები დამსახურებულად ამაყობენ თავისი ისტორიით, მდიდარი კულტურითა და ღირსეული წვლილით მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში.
სწორედ ამ სულისკვეთებით, ნება მომეცით შემოგთავაზოთ ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, მისი აღმატებულება ბატონი ალმაზბეკ ატამბაევის, ქალბატონი რაისა ატამბაევას და ქართველი და ყირგიზი ხალხის მტკიცე მეგობრობისა და კეთილდღეობის სადღეგრძელო”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ოფიციალურ სადილს საქართველოს მთავრობის წევრები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ყირგიზეთის სახელმწიფო დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0