მთავარი შეთანხმება, რაც სამივე მხარეს შორის მიღწეულია, არის ის, რომ ანაკლიის პორტი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის,- განაცხადა დღეს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა. მინისტრის განმარტებით, პროექტისადმი და პროექტში ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მონაწილეობასთან დაკავშირებით პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ, როგორც ბანკებს, ასევე – მთავრობას.
„შესაბამისად, ჩვენი საერთო სურვილია ის, რომ კიდევ უფრო დავუახლოვოთ ჩვენი პოზიციები ერთმანეთს იმ საკითხებზე, რაზეც პრაქტიკულად მიღწეული გვაქვს შეთანხმება,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, ყველაზე რთული პოზიცია სახელმწიფოს კომერციული რისკების დაზღვევაზე აქვს და სწორედ ამ თემაზე მიმდინარეობს მსჯელობა, ყველა სხვა საკითხზე კი პრინციპული თანხმობა მიღწეულია.
“არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს ყველაზე რთული თემაა, რადგანაც სახელმწიფოს არ შეუძლია ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევა. ბანკებთან და კონსორციუმთან ვსაუბრობთ, რა დამატებითი ინსტრუმენტების გამოყენებაა შესაძლებელი, რომ დაეხმარონ ინვესტორს რისკების დაზღვევაში. ბანკებმა და კონოსორციუმმა ერთად უნდა მოძებნონ ის გამოსავალი, რაც ამისთვის არის საჭირო. ყველანი ამ მიმართებით პოზიტიურად ვართ განწყობილნი და ყველა მხარეს აქვს განწყობა გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ ეს პროექტი შედგეს,” – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
მაია ცქიტიშვილის თქმით, 15 ივნისი არის ის ვადა, როცა ინვესტორმა საფინანსო პორტფელი უნდა დახუროს, მაგრამ ვინაიდან პროცესის დადებითი დინამიკა ყველა მხარისთვის მნიშვნელოვანია, ეს ვადა გარკვეული პერიოდით კიდევ გადაიწევს.
„სახელმწიფოს ამ პროექტში უკვე ძალიან დიდი ვალდებულება აქვს აღებული. 60 მლნ ლარამდე დავხარჯეთ მიწების გამოსასყიდად, გზის და რკინიგზის მშენებლობისთვის კი 370 მლნ ლარის ინვესტიციას ვახორციელებთ. გარდა ამისა სახელმწიფომ ჯერ კიდევ 2014 წელს აიღო ვალდებულება, რომ 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებდა ამ პროექტში. ჩვენი შეფასებით, სახელმწიფოს ფინანსური მონაწილეობა ამ პროექტში ჯამში დაახლოებით 250 მლნ დოლარს შეადგენს და ახლა ბანკებთან ვსაუბრობთ მათი მხრიდან 400 მლნ დოლარის გამოყოფაზე,“- აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ფინანსთა სამინისტროში სამმხრივი მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რომელშიც მთავრობის წევრები, ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და საერთშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
სამუშაო შეხვედრა მოგვიანებით სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაგრძელდა.