საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი 2024-2026 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი განიხილა. პროექტი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ წარადგინა. პროექტში მოცემულია ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის დონე, მიზნობრივი ინფლაციის მისაღწევად გამოყენებული მონეტარული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტები და მიმოხილულია არსებული მაკროეკონომიკური გარემო და რისკები. მომხსენებლის განცხადებით, ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა ქვეყანაში ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა. ამასთან, ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს საფინანსო სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა და ხელი შეუწყოს ქვეყანაში მდგრად ეკონომიკურ ზრდას, თუ ეს შესაძლებელია ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მისი ძირითადი ამოცანის შესრულებას. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ინფლაციური რისკების შემსუბუქების პარალელურად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეტაპობრივად შემცირებას განაგრძობს. მისივე თქმით, ეროვნული ბანკი ითვალისწინებს საბაზო სცენართან დაკავშირებულ რისკებსაც და პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას ზომიერი ბიჯებით განაგრძობს. შედეგად, საშუალოვადიან პერიოდში, ინფლაციური რისკების შემსუბუქების პარალელურად, განაკვეთი მის ნეიტრალურ დონეს – 7%-ს ეტაპობრივად დაუახლოვდება. მომხსენებელმა ისაუბრა ფულად ბაზარზე მიზნობრივი, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთთან მაქსიმალურად დაახლოებული, მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის მიღწევის მნიშვნელობასა და გზებზე. მისი თქმით, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკის რეალურ ეკონომიკაზე გადაცემის სიძლიერისთვის მნიშვნელოვანია, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება საბაზრო საპროცენტო განაკვეთებზე აისახოს.
„იქიდან გამომდინარე, რომ წელს ინფლაცია დაბალია და საშუალოვადიან პერიოდში, ჩვენი მოლოდინით, მიზნობრივ 3 პროცენტთან ახლოს იქნება, სხვა თანაბარ პირობებში დამატებითი ინსტრუმენტებით საკრედიტო აქტივობის მოთოკვის საჭიროება აღარ დგას. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საკრედიტო აქტივობის მშპ-თან ფარდობა ტრენდზე დაბალია. სწორედ ამიტომ, სამომხმარებლო სესხების ვადიანობა კვლავ 4 წლამდე გავზარდეთ“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
როგორც მომხსენებელმა განაცხადა, საქართველოს ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობას უზრუნველყოფს, რაც გაზრდის საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას პოტენციური შოკების მიმართ და ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტაბილურ და გრძელვადიან ზრდას. მისივე თქმით, დაბალი ინფლაცია მკაცრი მონეტარული პოლიტიკის ფონზე შემცირებული ინფლაციური მოლოდინებისა და ადგილობრივი ინფლაციის კლების შედეგია და ეროვნული ბანკის მიმდინარე მაკროეკონომიკური პროგნოზით, 2023 წლის ბოლომდე ინფლაცია სამიზნე, 3%-იანი მაჩვენებლის ქვემოთ შენარჩუნდება. საბოლოოდ, საშუალოვადიან პერიოდში, ინფლაცია 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის ირგვლივ დასტაბილურდება. ნათია თურნავამ თავის გამოსვლაში საქართველოს სავალუტო რეზერვების შევსებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო დროს მომატებული სავალუტო შემოდინებების ფონზე ეროვნული ბანკი, წინა წლებთან შედარებით, უფრო აქტიურად ახორციელებს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შევსებას. მისივე თქმით, ყველა ინტერვენციის გათვალისწინებით, საერთაშორისო რეზერვები 1.292 მლრდ. დოლარამდე გაიზრდება, რაც არის ისტორიული მაქსიმუმი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, წარმოდგენილი ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკა უზრუნველყოფს საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობას, შესაბამისად, ის გაზრდის საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას პოტენციური შოკების მიმართ და ხელს შეუწყობს ეკონომიკის სტაბილურ და გრძელვადიან ზრდას.