ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თბილისი ყველაზე მწვანე ქალაქი გახდეს

09/03/2022

თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად გატარებულ სხვადასხვა ღონისძიებაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს დახმარების მიღების მიზნით, დედაქალაქის მერიის ცხელ ხაზზე – 032 272 22 22 დარეკვა შეუძლიათ.

„მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი მხარდაჭერა და თანადგომა უკრაინელი ხალხის მიმართ და ვუსურვო მათ მშვიდობა. როგორც იცით, საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებისთვის ტარდება გარკვეული ღონისძიებები. ცენტრალურმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს ადამიანები საცხოვრისით და საკვები პროდუქტებით უზრუნველყოს. რა თქმა უნდა, მუნიციპალიტეტიც ჩართულია ამ ყველაფერში, რაც მისასალმებელია. მივიღეთ გადაწყვეტილება და მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ყველა სტრუქტურული ერთეული მათთვის იქნება უფასო: საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ბავშვთა გასართობი ცენტრები, მუზეუმები, თეატრები, საცურაო აუზები და ა.შ. მთავარია, რომ მათ უკრაინული პასპორტი წარმოადგინონ და ყველა მომსახურებას უფასოდ მიიღებენ. გარდა ამისა, უკრაინის მოქალაქეებისთვის იმოქმედებს თბილისის მერიის ცხელი ხაზი. თუ დამატებით რაიმე დახმარება იქნება საჭირო, შეუძლიათ, მოგვმართონ – 032 272 22 22-ზე. ჩვენ შესაძლებლობების ფარგლებში, ყველანაირად ხელს შევუწყობთ და დავეხმარებით მათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა სახაზინო ანგარიშზე, რომელიც სპეციალურად უკრაინის დასახმარებლად გაიხსნა და მასზე თანხის ჩარიცხვა ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. კახა კალაძის თქმით, სახაზინო ანგარიშზე მოქალაქეებისა და ბიზნესსუბიექტების მიერ უკვე ნახევარ მილიონ ლარზე მეტია დარიცხული.

„ერთი კვირის წინ გავხსენით სპეციალური სახაზინო ანგარიში და ბიზნესის წარმომადგენლებს, ასევე, სხვა დაინტერესებულ პირებს ვთხოვეთ, რომ უკრაინის დასახმარებლად, ფინანსური დახმარება გაიღონ. უკვე ნახევარ მილიონ ლარზე მეტია ჩარიცხული, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ბიზნესსუბიექტს, თითოეულ რიგით მოქალაქეს, ვინც თანხა გადმორიცხა. კიდევ ერთხელ წარმოგიდგენთ სახაზინო ანგარიშის კოდს – 300778800. მასზე ნებისმიერი თანხის გადარიცხვას შეძლებთ. მითითებული უნდა იყოს – უკრაინისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ თანხით, ქართველი ხალხის სახელით, გაჭირვებაში მყოფ უკრაინას დავეხმაროთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქში რეკრეაციული სივრცეების არსებობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური გლდანის რაიონში, სარაჯიშვილის გამზირზე არსებულ შუა გამყოფ ზოლში რეკრეაციულ სივრცეს აწყობს. მისი თქმით, სამუშაოები, რომლის ღირებულება შვიდი მილიონი ლარია, მიმდინარე წლის ბოლოსთვის დასრულდება.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც ხუთ ჰექტარს შეადგენს, ტრამვაის ხაზი გადიოდა. დღეს ეს ადგილი სრულად გასაახლებელია. სამუშაოების ფარგლებში, დასასვენებელი სივრცე მოეწყობა. ასევე, მოეწყობა სარბენი ბილიკი, ურბანული ინფრასტრუქტურა, სარწყავი სისტემა. დაირგვება ხე-მცენარეები, დამონტაჟდება განათების ბოძები. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თბილისი ყველაზე მწვანე ქალაქი გახდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ ბარათაშვილის ქუჩაზე, ისტორიულ გალავანთან მშენებარე სასტუმროს უკანონოდ დაშენებული სართულის დემონტაჟი დაწყებულია და პროცესს კომპანია ორ კვირაში დაასრულებს. მისი თქმით, შენობის მშენებლობა შეთანხმებული პროექტის მიხედვით და ყოველგვარი დამატებითი სართულის გარეშე დასრულდება.

„ბარათაშვილის ქუჩაზე, ისტორიულ გალავანთან მიმდინარეობდა კონკრეტული შენობა-ნაგებობის მშენებლობა. შეთანხმებული იყო სხვა პროექტი და დაამატეს ერთი სართული, რაც, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება ჩვენს მიდგომებს ქალაქის ურბანულ განვითარებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით ძველი თბილისი ჩვენთვის ძალიან სენსიტიური თემაა. მე მაშინვე გავაკეთე განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ფორმით აღნიშნული პროექტის განხორციელება ვერ და არ მოხდებოდა. ამის შემდეგ, მოვისმინეთ სპეკულაციები გარკვეული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც ძირითადად, სიცრუეს, სიყალბეს გადმოსცემენ. ამ ადამიანებს არაფერს გავუტარებთ და საზოგადოებას სწორ ინფორმაციას მივაწვდით. მე ვიყავი პირველი, ვინც პროექტის ამ ფორმატით განხორციელებაზე უარი თქვა და საჯაროდ დაგმო. ჩვენ დაპირებას ვასრულებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სასტუმროს მშენებლობის ნებართვა 2009 წელს გაიცა, მშენებელმა კი სასტუმროს ერთი სართული უნებართვოდ დააშენა.

„ამ წუთებში მიმდინარეობს ზედა სართულის დემონტაჟი. ორი კვირა დასჭირდება სადემონტაჟო სამუშაოებს და პროექტი მიიღებს ნორმალურ სახეს, განხორციელდება იმგვარად, როგორც იყო შეთანხმებული. ისიც აღსანიშნავია, რომ ამ სასტუმროს მშენებლობის ნებართვა 2009 წელს გაიცა. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და განწყობა თბილისის მიმართ. ხელს არავის ვუშლით იმაში, რომ მშენებლობები განახორციელონ და ქალაქი განავითარონ, თუმცა, ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სწორად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა ყურადღება მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მეტროსადგურის მიმდებარედ აღებულია ყველა ჯიხური, ხოლო გარემოვაჭრეები თავიანთ ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრობის ტერიტორიაზე განაგრძობენ.

„მოვაწესრიგეთ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა. გარევაჭრობის და ჯიხურების პრობლემა მოგვარებულია. იქ მხოლოდ გარევაჭრობა არ იყო პრობლემა. ასევე, პრობლემას წარმოადგენდა ჯიხურები. უბრალოდ გავლაც კი შეუძლებელი იყო. აღებულია ყველა ჯიხური, ხოლო გარემოვაჭრეები გადასული არიან მიმდებარე ბაზრობის ტერიტორიაზე, სადაც შეღავათიანი პირობებით სარგებლობენ და ეკონომიკურ საქმიანობას განაგრძობენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურები ტერიტორიის კეთილმოწყობას ახორციელებენ.

„გპირდებით, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორია იქნება ერთ-ერთი მოწესრიგებული, გალამაზებული და გამართული ინფრასტრუქტურით“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ კონკურსის – „შემოქმედებითი თბილისი“ მორიგი ეტაპი დაიწყო, მასში მონაწილეობის მსურველებს კი განაცხადის ატვირთვა 16 მარტის ჩათვლით, პორტალზე – www.culture.tbilisi.gov.ge შეუძლიათ.

„ამჯერად, უკვე ნაცნობ მიმართულებებს, როგორიცაა საგამომცემლო საქმე, ვიზუალური ხელოვნება, დიზაინი და რეწვა, დაემატა ახალი მიმართულება – მედია არტი. როგორც მოგეხსენებათ, თბილისის მერიის ინიციატივით, დედაქალაქი გახდა კრეატიული ქალაქების ქსელის წევრი სწორედ მედია არტის მიმართულებით და შესაბამისად, ჩვენთვის ეს მიმართულება პრიორიტეტად იქცა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა თავის მოადგილეს, ანდრია ბასილაიას მოუწოდა, კონკურსში ჩართულობის მიზნით, დარგის წარმომადგენლებთან მეტი კომუნიკაცია დაამყაროს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0