დღეს პოლიტიკური პროცესის შეფასება სულ უფრო და უფრო მეორეხარისხოვანი ხდება, ჩვენი მოქალაქეების და მოსახლეობის დავალება არის პირდაპირი, რომ ჩვენ ამ პოლიტიკური მდგომარეობიდან სწრაფი გამოსავალი უნდა ვიპოვოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის მოქალაქეების და მოსახლეობის დავალება.
„დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური სპექტრი სრულად იაზრებს ამას. მიუხედავად ამისა, კარგად მესმის, რომ გარკვეული დესტრუქციული ნაბიჯები და ქმედებები გაგრძელდება, თუმცა, ყველანი უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ მსგავს დესტრუქციულ ნაბიჯებს და ქმედებებს, რა თქმა უნდა ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერა არ ექნება და ვერ ექნება. ეს ნათელი გახდა 31 ოქტომბერს, როდესაც საქართველოს მოქალაქემ 9 პოლიტიკური ძალა აღჭურვა მანდატით, წარმოდგენილი ყოფილიყვნენ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტში და ეს მანდატი იყო და არის პასუხისმგებლობის მანდატი, პასუხისმგებლობისა ქვეყანასა და ქვეყნის მომავალზე. ყველას უნდა გვახსოვდეს, რა მომენტში გააკეთა ეს საქართველოს მოქალაქემ, გააკეთა მაშინ, როდესაც რეგიონში მძვინვარებდა ფართომასშტაბიანი ომი, მაშინ როდესაც პანდემია სულ უფრო და უფრო ძალას იკრებს, მაშინ როდესაც გლობალური ეკონომიკური კრიზისი სულ უფრო და უფრო მძიმდება და ეს ყველაფერი იყო პირდაპირ გამიზნული მესიჯი ჩვენი თითოეული პოლიტიკოსისა და პოლიტიკური ძალისთვის, რომ ერთად მოუარეთ ქვეყანას და ერთად იპოვეთ კრიზისებიდან გამოსავალი ამ გამოწვევებით სავსე ეპოქაში”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის თქმით, სწორედ, ეს არის ის ძირითადი პასუხისმგებლობის მანდატი, რომლითაც 9 პოლიტიკური ძალა საქართველოს მოქალაქემ აღჭურვა.
„ყველას კარგად გვესმის, რომ რაც დღეს ყველაზე უფრო გვჭირდება, ეს არის მდგრადი პოლიტიკური პროცესი, იმისთვის, რომ საქართველოს ამბიციური გეგმა – ევროპული გეგმა განვახორციელოთ და გავაგრძელოთ ამ გეგმის შესრულება. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ საარჩევნოც და არჩევნების შემდგომი პროცესიც საქართველოს შემდგომი დემოკრატიული გაძლიერებისთვის უნდა იყოს. ყველა ძალას, მმართველსაც, ოპოზიციასაც, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს მოქალაქის მანდატი იყო, პირველ რიგში ერთობლივად მოვუაროთ ქვეყანას და დიალოგს, რა თქმა უნდა, არ აქვს ალტერნატივა. ეს არის თითოეული პოლიტიკური ძალის პასუხისმგებლობა და ეს არის პასუხისმგებლობა გამოწვევებით სავსე ეპოქაში, როდესაც ჩვენ ყველა ერთად უნდა გავუმკლავდეთ პანდემიასაც, ეკონომიკურ კრიზისსაც და რაც მთავარია, ყველამ ერთად ეფექტურად და შედეგიანად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის შემდგომი სვლა ევროპისკენ, მისი ევროატლანტიკური მომავლისკენ, რადგან ჩვენმა მოქალაქემ გვითხრა, რომ დემოკრატიული პროცესები, დემოკრატიულად არჩეული პარლამენტი არის ის ადგილი, სადაც უნდა წყდებოდეს ქვეყნის ბედი და არა ქუჩა. დარწმუნებული ვარ, პოლიტიკურ სპექტრს ეს ძალიან კარგად ესმის და დარწმუნებული ვარ, ყველას ეყოფა პასუხისმგებლობა, სწორად გაიგოს ჩვენი მოქალაქის ეს მესიჯი და სწორედ გადათარგმნოს კონკრეტულ ნაბიჯებში”, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
პრემიერმა ყურადღება გაამახვილა რთულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. მისი თქმით, მსოფლიოში მდგომარეობა მძიმდება, ევროპაში „ლოკდაუნების” რაოდენობა სულ უფრო იზრდება და ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ჯანდაცვის სისტემის სერვისები მოხმარდეს ადამიანებს, რომლებსაც ეს ყველაზე უფრო სჭირდებათ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ინფიცირებულების რაოდენობა იზრდება ევროპაში და გამართული ეკონომიკის და ძლიერი ჯანდაცვის სისტემის ქვეყნებსაც უჭირთ გამკლავება ინფიცირების მსგავს მასობრივ გავრცელებასთან.
„ჩვენ ადაპტაციის და წერტილოვანი შეზღუდვების სტრატეგიას მივყვებით. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გავაგრძელებთ, მაგრამ თითოეულ მოქალაქეს, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჯანდაცვის სისტემა, როგორც აღჭურვილობის, ასევე ადამიანური რესურსების თვალსაზრისით ამოუწურავი არ არის. ამიტომ, ჩვენ, ყველამ ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემის მომსახურება და სერვისები, პირველ რიგში, მოხმარდეს იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს ყველაზე უფრო სჭირდებათ – ჩვენს ხანდაზმულებს, ქრონიკულ დაავადებულებს, იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემამ უფრო ეფექტური ოპერირება შეძლოს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ კლინიკური მართვის ახალი პრინციპების შესაბამისად, ბინაზე მართვა, კოვიდ-სასტუმროებში მართვა, საავადმყოფოებში მართვა – ეს ის ერთადერთი გამოსავალია, რომლითაც ჩვენ, მათ შორის მოქალაქეები, ყველა ერთად უნდა დავეხმაროთ ჯანდაცვის სისტემას, მივმართოთ ძირითადი ყურადღება სწორედ იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებსაც ყველაზე უფრო სჭირდებათ 24-საათიანი მეთვალყურეობა”, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა პოსტკრიზისული გეგმის მეოთხე ფაზაზე, რომელიც კონკრეტულად გამიზნული იქნება მოქალაქეების სოციალურ და ბიზნესის მხარდაჭერაზე.
„საქართველოს მთავრობამ ეკონომიკური კრიზისის დაწყების პირველივე დღიდან განაცხადა პრინციპი – რესურსების რაციონალური გადანაწილება, პირველ რიგში, როგორც ბიზნესის, სამუშაო ადგილების შენარჩუნების ასევე, ჩვენი მოქალაქეების სოციალური მხარდაჭერის თვალსაზრისით. ჩვენ უკვე დავიწყეთ მეოთხე ფაზაზე მუშაობა, რომელიც პირდაპირ იქნება გამიზნული, როგორც კონკრეტულად ჩვენი მოქალაქეების სოციალურ მხარდაჭერაზე, ასევე, ბიზნესის მხარდაჭერაზე”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის თქმით, უახლოეს დღეებში დაიწყება შეხვედრები ბიზნესის წარმომადგენლებთან, ასევე ყველაზე მსხვილ დამსაქმებლებთან იმისთვის, რომ ერთად მოხდეს იმ გამოსავლის პოვნა, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკას, შეინარჩუნოს შემდგომი ზრდის პოტენციალი და მაქსიმალურად შენარჩუნდეს სამუშაო ადგილები.
„ეს არის რამდენიმე უკვე კარგად აპრობირებული მექანიზმი, რომელმაც კარგად იმუშავა წინა ეტაპებზე ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერის კუთხით, იმ მოქალაქეების, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, ასევე ყველაზე მოწყვლადი ოჯახების მიზნობრივი სოციალური მხარდაჭერა და ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ მყოფი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის საგადასახადო შეღავათების მთელი პაკეტი. ჩვენ ახლა ამ ყველაფრის მოდერნიზებას ვაკეთებთ იმისთვის, რომ უახლოეს დღეებში დავიწყოთ შეხვედრები, როგორც სექტორული ბიზნესის წარმომადგენლებთან, ასევე, ყველაზე მსხვილ დამსაქმებლებთან იმისთვის, რომ ერთად ვიპოვოთ ის გამოსავალი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს ეკონომიკას, ერთი მხრივ, შეინარჩუნოს შემდგომი ზრდის პოტენციალი და მეორე მხრივ, ჩვენი მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები. ამისთვის შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობს, როგორც საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ასევე ეროვნული ბანკი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და უახლოეს პერიოდში ამ ჯგუფის მუშაობის შედეგებიც ყველასთვის ნათელი გახდება. ეს იქნება ეკონომიკურ კრიზისში ჩვენი, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერის მეოთხე ფაზა მოქალაქეების და ბიზნესისთვის, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პოსტკრიზისულ ეკონომიკაში საქართველოს მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ უახლოეს წლებში საქართველომ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მიაღწიოს.
„ჩვენ გვეჭირა ბალანსი ჯანმრთელობას, ადამიანის სიცოცხლესა და ეკონომიკის გადარჩენასთან მიმართებაში და ჩვენ ამ გზას გავაგრძელებთ, რამეთუ პოსტკრიზისული ეკონომიკური აღდგენის პერსპექტივა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა შევუნარჩუნოთ ჩვენს ეკონომიკას. ბოლო დღეებში გვქონდა ძალზედ მჭიდრო მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა სტრუქტურული რეფორმების იმ გეგმას, რომელსაც ვგეგმავთ იმისთვის, რომ 2021 წლიდან საქართველოს ეკონომიკის აღდგენა სწრაფი და ეფექტური ტემპით დაიწყოს და გაგრძელდეს. ასევე, შეფასებებით ნათელია, რომ 2021 წლიდან, იმ სტრუქტურული რეფორმების გათვალისწინებით, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ და გავაგრძელებთ, საქართველოს ექნება ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის. განსაკუთრებით პოსტკრიზისულ ეკონომიკაში ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უახლოეს წლებში საქართველომ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას მიაღწიოს. ეს არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ჩვენ, ჩვენი ევროპული ამბიციები რაც შეიძლება სწრაფად განვახორციელოთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
საუბრის დასასრულს, მთავრობის მეთაური დღეს დაგეგმილ საფეხბურთო მატჩს გამოეხმაურა და ქართველ ფეხბურთელებს წარმატება უსურვა.
„დღეს ჩვენს სპორტულ ცხოვრებაში გვაქვს ძალზედ მნიშვნელოვანი ღონისძიება, თამაში. სამწუხაროდ, ეპიდემიამ ჩვენი რამდენიმე აქტიური და ლიდერი მოთამაშე გამოთიშა საფეხბურთო მოედნიდან და სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვახერხებთ სტადიონზე ვუგულშემატკივროთ და მხარი დავუჭიროთ ჩვენს ფეხბურთელებს, თუმცა მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველანი ვართ მათთან ერთად და ეს იქნება სრულიად საქართველოს გამარჯვება. მინდა, წარმატება ვუსურვო ჩვენს ფეხბურთელებს და დარწმუნება გამოვთქვა იმაში, რომ დღეს ჩვენ ყველანი ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას,” – განაცხადა პრემიერმა.