„გუშინ მოვისმინეთ ძალიან ბევრი სიცრუე. აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო ბრალდებები, ცილისწამება. ასეთი ტიპის კამპანია მანამდეც იყო, მაგრამ შოვის სტიქიასთან პარალელების გავლება არის აბსოლუტურად მიუღებელი. გამომდინარე იქიდან, რომ გუშინ ამდენი, უსამართლო, უსაფუძვლო ბრალდება, და ცილისწამება მოვისმინეთ, თქვენც ამდენი კითხვა გაქვთ, აჯობებს სხვა ფორმატში გიპასუხოთ ყველა კითხვაზე. ამისათვის, 6 საათზე შევიკრიბოთ ონის შტაბში (მერიის შენობაში),” – ამის შესახებ რეგიონული გავითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ, შოვის სტიქიის ზონიდან, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ირაკლი ქარსელაძე სტიქიის ზონაში ძებნა-შველის სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო, რის შემდეგაც მედიის კითხვებს უპასუხა. სტქიიის გარდა, მას გუშინ რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობასთან დაკავშირებულ ბარლდებებზე დაუსვეს კითხვები. როგორც მინისტრმა განაცხადა, დღეს 6 საათზე, ონში, რაჭის სტიქიასთან დაკავშირებით შექმნილ შტაბში გამართავს შეხვედრას მედიასთან, სადაც საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას რიკოთის საუღეტეხილო გზის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით და უპასუხებს ჟურნალისტების კითხვებს.
“ყველაზე მიუღებელია ის, რომ ხდება ჩვენი მოსახლეობის დაშინება. ისეთი სიცრუის დაბრალება, რომელიც კიდევ უფრო ამძაფრებს დღეს სტიქიის გამო შექმნილ ვითარებას. ყველა ერთად განვიცდით ამ მდგოამრეობას. ამ ფონზე ასეთი ქმედება არის აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელი. დღეს, 6 საათზე, შევიკრიბოთ შტაბში, სადაც ჩვენ ვისაუბრებთ რიკოთის გზის მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჩვენ აუცილებლად გიპასუხებთ ყველა თქვენს კითხვაზე და, რა თქმა უნდა, მოგაწვდით ინფორმაციას იმაზე, თუ რა არის სინამდვილე, რა არის რეალობა, სად არის სიცრუე, სად არის უსაფუძვლო და უსამართლო ბრალდება, სად არის ცილიწამება და ყველა სხვა დეტალზე“ – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ