ყველაზე დაბალი ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში

12/04/2016

მიხეილ მაჭავარიანმა გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის 100 დღე შეაფასა. როგორც მან განმარტა, კვირიკაშვილმა, როდესაც ეკონომიკის მინისტრი იყო, მთავრობის სხვა წევრებთან ერთად არაერთი მავნებლური გადაწყვეტილება მიიღო ქვეყნის ეკონომიკისთვის.

„მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა გიორგი კვირიკაშვილი პრემიერად დანიშნა, 100 დღე გავიდა. რით ხვდება საქართველო კვირიკაშვილის პრემიერად დანიშვნიდან 100 დღეს? ყველაზე დაბალი ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში, რაც დაფიქსირებულა. ყველაზე მაღალი საშინაო და საგარეო ვალი, რაც საქართველოში დაფიქსირებულა. ეს არის 15 მილიარდი დოლარი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მაქსიმუმი. ყველაზე დაბალი ექსპორტის მაჩვენებელი ბოლო 5 წლის განმავლობაში – 2011 წელს იყო – 291 მილიონი დოლარი, ხოლო 2016 წელს არის 281 მილიონი დოლარი, ეს მაშინ, როცა 2011 წელს არც რუსული ბაზარი იყო ღია და არც ასოცირების ხელშეკრულება“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, კვირიკაშვილი ხალხს მოგების გადასახადს პირდებოდა.

„შემოიტანეს კანონპროექტი, რომელშიც ისეთი რეგულაციები იყო, რომ მისი მიღებისთვის ბიზნესიც კი არ იყო მზად. არ შემოუტანიათ არანაირი კანონპროექტი ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციაზე. მათ არ აქვთ არანაირი ხედვა, როგორ გამოვიდეს ქვეყანა ამ ეკონომიკური კრიზისიდან“, – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0