ღარიბაშვილს აქვს ქარიზმა და პარტიის საქმიანობაში მისი ჩართვა არჩევნებზე მაღალი შედეგის მიღებას ხელს შეუწყობს

23/03/2016

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საქმიანობაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ჩართვას მიესალმება.

როგორც მეჭიაურმა prof-news-ს განუცხადა, ის არ არის საქმის კურსში, არ მონაწილეობს მოლაპარაკებებში, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილის ჩართვას პარტიის საქმიანობაში მიესალმება.

“მივესალმები ირაკლი ღარიბაშვილის ჩართულობას პარტიის საქმიანობაში. რა ფორმით იქნება, არ ვიცი, რადგან არ ვმონაწილეობ ამ მოლაპარაკებებში და აქედან გამომდინარე, ინფორმაცია არ მაქვს”, – განაცხადა მეჭიაურმა.

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი უკვე გამოცდილი კადრია, აქვს ქარიზმა და მისი ჩართვა პარტიის პოლიტიკურ საქმიანობასა და არჩევნებისთვის მაღალი შედეგის მიღებას ხელს შეუწყობს.

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ყოფილ თავმჯდომარესთან, ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან კონსულტაციებს გამართავს. ამის შესახებ prof-news-ს პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, დაესწრება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილი “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აპრილში დაგეგმილ ყრილობას ან რაიმე ფორმით მიიღებს თუ არა მონაწილეობას პარტიის მომავალ საქმიანობაში.

“ჩვენ აუცილებლად გვექნება კონსულტაციები და ამ კონსულტაციების შედეგად გაირკვევა ის, თუ როგორი იქნება ყოფილი პრემიერის და თავმჯდომარის ჩართულობა ჩვენს სამომავლო საქმიანობაში”, – განაცხადა კობახიძემ. ასეთი კონსულტაციები, მისი თქმით, ჯერჯერობით არ გამართულა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0