სამთავრობო პროგრამის ,,ღია შეხვედრები“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერთან გიორგი ჭიღვარიასთან, მაჟორიტარ დეპუტატთან დიმიტრი მხეიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ქუთაისში: უქიმერიონის, საფიჩხიის, ქალაქ-მუზეუმის, ძელქვიანისა და გამარჯვების ოლქის მოსახლეობას შეხვდა და მათგან პიორიტეტები მოისმინა. ადგილობრივებმა მთავარ საკითხად შიდა საუბნო გზების, სანიაღვრეებისა და საკანალიზაციო ქსელის მოწესრიგება დაასახელეს. გარდა ამისა უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულში გამოიკვეთა, რომ ახალგაზრდებისთვის პრიორიტეტი სპორტული მოედნის მოწყობა არის.
მოსახლეობას ხელისუფლება რიგი საკითხების მოგვარებას უახლოეს პერიოდში დაპირდა, ხოლო პროექტები, რომელიც გარკვეულ თანხას მოითხოვს მომავალი წლის ბიუჯეტში აისახება. აღნიშნულ უბნებში მოწესრიგებულია ცენტრალური საგზაო ინფრასტრუქტურა, დამონტაჟებულია გარე განათება, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა რიგ საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებს, ასევე მოწესრიგდა კორპუსების ფასადები და სადარბაზოები. ზემოთ ხსენებულ უბნებში კეთილმოეწყო რამდენიმე მინი საფეხბურთო მოედანიც.
ქუთაისში ღია შეხვედრები მოსახლეობასთან გრძელდება
20/11/2019