ქუთაისში დევნილთა საარსებო წყაროების საინფორმაციო ფორუმი გაიმართა

23/07/2016

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი “ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის“ მიერ, ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან პარტნიორობით გამართულ საინფორმაციო ფორუმს დაესწრო.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დასავლეთ საქართველოში დევნილი თემისთვის ასეთი მასშტაბური ღონისძიება გაიმართა. ფორუმი დასაქმებით, თვითდასაქმებით და პროფესიული განათლებით დაინტერესებული პირებისათვის ინფორმაციის მიღების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს.
საინფორმაციო ფორუმი პროექტის ,,დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე –ინოვაციური და ეფექტური საარსებო წყაროების გადაწყვეტილებები საქართველოსთვის’’ ფარგლებში გაიმართა.

ღონისძიებაზე იმერეთის რეგიონში მოქმედი მცირე და საშუალო საწარმოების, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დევნილებს შესთავაზეს საინფორმაციო რესურსები საარსებო წყაროების გაზრდასთან დაკავშირებით, კერძოდ: ვაკანსიები, პროფესიული მომზადებისა და გადამზადების, არაფორმალური განათლების, სტაჟირების, კვალიფიკაციის ასამაღლებელი გაცვლითი პროგრამებისა და ბიზნეს საქმიანობის მხარდამჭერი სერვისები.

საინფორმაციო ბაზრობაზე თავიანთი პროდუქცია და სერვისი 25-მა ორგანიზაციამ წარადგინა, მათ შორის იყვნენ: პროფესიული სასწავლებლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, საჯარო სამსახურები, მცირე და საშუალო საწარმოები და სხვა.

აღნიშნულმა ორგანიზაციებმა დევნილებს 100-მდე ვაკანსია შესთავაზეს, როგორებიცაა: გაყიდვების მენეჯერი, მოლარე კონსულტანტი, მზარეული, მკერავი, ავტომობილის ხელოსანი და სხვა. დამსაქმებლები დაინტერესებულ დევნილებს ადგილზევე ესაუბრებოდნენ და ხშირ შემთხვევაში იქვე ხდებოდა სამუშაო ხელშეკრულებების გაფორმებაც.

ფორუმის მიმდინარეობისას, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „სოციალურად დაუცველ დევნილთა პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, 5 დევნილ სტუდენტს ხელშეკრულება გაუფორმა. ხელშეკრულების თანახმად, სააგენტო სოციალურად დაუცველ, დევნილ სტუდენტებს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ტრანსპორტირების ხარჯებს დაუფარავს.

საინფორმაციო ფორუმს იმერეთის მხარის ადმინისტრაციის, ქუთაისის თვითმმართველობის, აფხაზეთის მთავრობის, დევნილთა უფლებების დაცვით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

პროექტი ,,დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე –ინოვაციური და ეფექტური საარსებო წყაროების გადაწყვეტილებები საქართველოსთვის’’ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ლტოლვილთა დანიის საბჭოსა და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთის’’ მიერ ხორციელდება, ქუთაისში პროგრამის პარტნიორია „ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0