2 მაისს ქუთაისში, “გვირილობა“ და ქალაქის დღესასწაული მასშტაბური ღონისძიებების გარეშე აღინიშნება. ტრადიციულად ბაგრატის ტაძარში ქუთათელ – გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ ქალაქი დალოცა. ცერემონიალს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ზაზა ლომინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
“ვულოცავ ყველა ქუთაისელს გვირილობის დღესასწაულს. ეს სახალხო დღესასწაული ყოველთვის ასოცირდებოდა სიკეთესთან და ქველმოქმედებასთან. სამწუხაროდ, წელს მასშტაბურად ვერ აღვნიშნავთ, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენს მეგობარ ქვეყანაში მიმდინარეობს ომი, იხოცებიან უდანაშაულო ადამიანები და ქუთაისი ისევე, როგორც მთელი საქართველო არის სოლიდარული უკრაინის მიმართ“ – ზვიად შალამბერიძე.
“გვირილობა 2022“- ის ფარგლებში საპატიო მოქალაქეები დაჯილდოვდა, ასევე, ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამი ოთარის ძეგლი გვირგვინით შეამკეს და ქუთაისის კოლორიტების ხსოვნას პატივი მიაგეს. გარდა ამისა, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ფოიეში მოეწყო სხვადასხვა თემატიკის ნამუშევრების გამოფენა, მათ შორის წარმოდგენილი იყო ფოტოგამოფენა “ქუთაისის ხედები XIX ს-ის ბოლოს და XX ს-ის დასაწყისში“. ღონისძიებების ფარგლებში ასევე გაიმართა ჭადრაკის ტურნირი მოყვარულთა შორის. ქალაქის სახალხო დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დღის ბოლომდე გაგრძელდება.
“გვირილობა 2022“-ის ფარგლებში ქუთაისში მთელი დღის მანძილზე სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართა. ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში კლასიკური მუსიკის საღამო ჩატარდა.
ღონისძიებას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, პირველ მოადგილე ლევან სანიკიძესთან და ქუთაისის მერ იოსებ ხახალეიშვილთან ერთად დაესწრო. XVII საერთაშორისო სააღდგომო ფესტივალის ფარგლებში რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით ორკესტრმა სხვადასხვა ნაწარმოებები შეასრულა, ასევე, მონაწილეობდნენ: ირინე ლომინაძე – ქორმაისტერი; ლელა მჭედლიძე – ვიოლინო; ელეონორა გოგოლაშვილი – ვოკალი; აღნიშნული ღონისძიება ქალაქის დღესასწაულს მიეძღვნა.
ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, მაია ჩიბურდანიძის 60 წლის იუბილე გაიმართა.
ქართველი მოჭადრაკე ქუთაისში დაიბადა და გარკვეულ ასაკამდე აქ მოღვაწეობდა. საჭადრაკო ოლიმპიადების 9-გზის გამარჯვებულს, მსოფლიოს 5-გზის, 4 საჭადრაკო ოსკარის მფლობელს და სხვადასხვა პრიზების მფლობელს იუბილე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ მიულოცა და საქართველოს სახელის ფარგლებს გარეთ გატანის, ჭადრაკის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ახალი თაობების აღზრდისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
ზვიად შალამბერიძემ ლეგენდარულ სპორტსმენს სიმბოლურად, ბერძნული მითოლოგიით ტრიუმფისა და გამარჯვების ქალღმერთის “ნიკეს” ქანდაკების ასლი გადასცა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის კონცერტი, სადაც წარმოდგენილი იყო, როგორც ქორეოგრაფიული ასევე, ფოლკლორული ნომრები. ასევე “გვირილობა 2022“-ის ფარგლებში ბარდის, ფოლკისა და ჯაზ შემსრულებლის მანანა მენაბდის კონცერტი გაიმართა. დები იშხნელების შთამომავალმა მსმენელს მრავალმხრივი მუსიკა შესთავაზა, ასევე გაიხსენა მისი წინაპრების ამ ქალაქთან დაკავშირებული ისტორიები. საღამოს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
“გვირილობა 2022” -ის ფარგლებში მრავალფეროვანი მუსიკალური ღონისძიებები გაიმართა. დღის მანძილზე ჩატარდა კლასიკური მუსიკის, ამერიკული ჯაზ ბენდის, სიმღერის და ცეკვის ანასმბლის და ასევე ბარდის, ფოლკისა და ჯაზ შემსრულებლის მანანა მენაბდის კონცერტი.