ქუთაისს და მთელ იმერეთს ყველა რესურსი აქვს იმისთვის, რომ თავისი ხმამაღალი სიტყვა თქვას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში

02/09/2017

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იმერეთის რეგიონში ”ქართული ოცნების” მერობის კანდიდატები წარადგინა.

“ქუთაისს და მთელ იმერეთს ყველა რესურსი აქვს იმისთვის, რომ თავისი ხმამაღალი სიტყვა თქვას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ინფრასტრუქტურული პროექტები და სივრცითი მოწყობის გეგმა განვითარების საუკეთესო შესაძლებლობას აძლევს იმერეთს, ვინაიდან ის ერთმანეთთან აკავშირებს ჩვენი ქვეყნის დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს, ეს მისი უდიდესი პოტენციალია. ქუთაისმა უნდა დაიბრუნოს თავისი ისტორიული მნიშვნელობა და მეორე უდიდეს ცენტრად იქცეს. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ვგეგმავთ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გასაფართოებლად; შენდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზი და სადგური; უახლოეს მომავალში დაიწყება ერთ-ერთი უმსხვილესი ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობა ქუთაისის აეროპორტის მახლობლად, რაც გაზრდის ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკურ პოტენციალს, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. უნდა ავაღორძინოთ ტრადიციული დარგები, ადგილობრივი წარმოება და მინდა, ამაში ჩვენი მხარდაჭერის იმედი ყოველთვის გქონდეთ. ჩვენ ხელს შევუწყობთ ახალგაზრდებს სათანადო ცოდნის მისაღებად, რათა ისინი იყვნენ კონკურენტუნარიანი და შეძლონ თანამედროვე მოთხოვნების შესრულება. რეგიონში გაგრძელდება ყველა ის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ჩვენ დავიწყეთ და წარმატებით მუშაობს, იქნება ეს მეწარმეობის ხელშეწყობა, თუ ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამები. იგეგმება საბავშვო ბაღების, სკვერების, კულტურის ცენტრებისა და სპორტული კომპლექსების მშენებლობა-რეაბილიტაცია. არ შემიძლია, არ აღვნიშნო ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის უპრეცედენტო პროექტი, რომელსაც ფონდი „ქართუ“ ახორციელებს და მისი ღირებულება, თბილისის ტექნოლოგიურ ცენტრთან ერთად, მილიარდ ევროს აღწევს. საუნივერსიტეტო ქალაქი არა მხოლოდ ქუთაისის ან იმერეთის, არამედ ჩვენი ქვეყნის და მთელი ჩვენი რეგიონის სავიზიტო ბარათი გახდება მთელ მსოფლიოში. ჩვენს ქვეყანას აქვს ჯანსაღი ამბიცია, იყოს რეგიონის ეკონომიკური ცენტრი. ჩვენი ქვეყნის სივრცითი განვითარების ცენტრი კი, სწორედ ქუთაისი იქნება. ქუთაისი დაიბრუნებს ძველ დიდებას, მე ამას გპირდებით, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ამას გპირდებათ. წარმოგიდგენთ „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებს იმერეთის რეგიონში: ქუთაისი – გიორგი ჭიღვარია; ბაღდათი – არჩილ გოგსაძე; ვანი – ალექსანდრე გოგორიშვილი; თერჯოლა – ბონდო სოფრომაძე; სამტრედია – ვალერიანე ფოცხვერია; საჩხერე – ბენიამენ ფალავანდიშვილი; ტყიბული – თემურ ჩუბინიძე; წყალტუბო – გრიგოლ იოსელიანი; ჭიათურა – პაატა ნადირაძე; ხარაგაული – ნიკოლოზ თოფურიძე; ხონი – ლადო ჯურხაძე; ზესტაფონი – კახაბერ მახათაძე. ამ ადამიანებს კარგად იცნობენ რაიონებში, თითოეული მათგანი შერჩეულია კვალიფიციურობის და პროფესიონალიზმის ნიშნით. ისინი მაქსიმუმს გააკეთებენ ხალხისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებისთვის. “ქართული ოცნება” მათ სრულ მხარდაჭერას და ნდობას უცხადებს. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მათგანი ამომრჩევლის მხარდაჭერას მოიპოვებს, დამაჯერებლად გაიმარჯვებს და თავს არ დაზოგავს იმერეთისთვის და საქართველოსთვის. იმერეთის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაა!”- განაცხადა კვირიკაშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0