ქუთაისი უწყვეტ წყალმომარაგებაზე ეტაპობრივად, წლის ბოლოდან გადავა

27/11/2019

ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის მეორე ფაზა დასრულების ეტაპზეა. შესრულებულ სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ეკატერინე გალდავადა გაეცნენ. ახალი ობიექტი ექსპლუატაციაში წლის ბოლოს შევა და ქალაქი უწყვეტ წყალმომარაგებაზე ეტაპობრივად გადავა. პირველ ეტაპზე, დამატებით 45 000 ადამიანი 24-საათიან წყალმომარაგებით დეკემბერში იქნება უზრუნველყოფილი. იანვარში, უწყვეტ წყალმომარაგებით მოსახლეობის 65%, თებერვალში – 85%, ხოლო მარტში ქალაქის 100% ისარგებლებს.
პროექტის ფარგლებში აშენდა ახალი რეზერვუარები – გოდოგანზე 2 , ხოლო მუხრანში 1 რეზერვუარი და 3 ახალი სატუმბი სადგური. მოეწყო 18 კმ წყლის მაგისტრალური მილსადენი და შიდა გამანაწილებელი ქსელი (200 კმ). თავდაპირველ პროექტს კორპუსების შიდა ქსელებისა და რამდენიმე დასახლების წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია დაემატა. გამომდინარე აქედან, სამუშაოების მოცულობა გაიზარდა, რამაც მშენებლობის ვადები გადაწია. მუნიციპალიტეტისა და მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, ქალაქის რამდენიმე დასახლებაში დამატებით, წყალმომარაგების ქსელების სრული რეაბილიტაცია მოახდინა. მათ შორის, საცხოვრებელ კორპუსებში ამორტიზებული, შიდა ქსელების განახლება. ასევე, კომპანია წყლის რაციონალური მოხმარების მიზნით, მრავალსართულიან კორპუსებში მცხოვრები 15 000 აბონენტის გამრიცხველიანებასაც უზრუნველყოფს.
სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით 92 მილიონი ლარი მოხმარდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0