პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, ფრანგული კომპანია „ატლანტიკ ჯგუფის“ ევროპული სტანდარტების ელექტროგამაცხელებლების ქარხანა ოფიციალურად გახსნა.
საწარმოში უკვე დამონტაჟებულია ყველა დანადგარი და გეგმიურად, დღეში 500-მდე ელექტროგამაცხელებელი იწარმოება, რომელიც კვირაში ორჯერ ექსპორტზე გადის, მათ შორის საქართველოს მეზობელ ქვეყნებში.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ეს არის კიდევ ერთი კარგი მაგალითი სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის.
“ქუთაისის ინდუსტრიულმა ზონამ 2017 წლის დასაწყისში წარმოადგინა ინვესტიციების გეგმა და პრაქტიკულად შეასრულა ის ვალდებულება, რაც უნდა შესრულებულიყო. ელექტროგამაცხელებლების საწარმოში დღეისთვის ინვესტირებულია 45 მილიონ ლარზე მეტი. დღეისთვის საწარმოში 120 ადამიანამდეა დასაქმებული, რომლებიც სრულად არიან გადამზადებული უმაღლესი ევროპული სტანდარტების მიხედვით. მათ აქვთ შესაბამისი კვება და ტრანსპორტირება, უზრუნველყოფილია სამუშაო გარემო”, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ქარხანა მომავალში წარმოების გაფართოებას გეგმავს, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში 400 ათასამდე გამაცხელებელი იქნება ნაწარმოები, რომელიც რეგიონალურ ბაზარზე გავა ექსპორტზე.