ქობულეთში სანაპირო ზოლის კეთილმოწყობის პროექტი გრძელდება

23/01/2018

ქობულეთში სანაპირო ზოლის კეთილმოწყობის პროექტი გრძელდება. ბულვარის 3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციის პროექტი შეძენელია.
დღეს ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძემ შესაბამის სამსახურებთან და პროექტის ავტორებთან ერთად სანაპირო ზოლი დაათვალიერა და პროექტი დეტალურად განიხილა. „სანაპიროს კეთილმოწყობა მუნიციპალიტეტის უმთავრესი პრიორიტეტია. მოსახლეობის ძირითადი შემოსავლის წყაროს ტურიზმი წარმოადგენს, ამიტომაც ტურიზმის განსავითარებლად უპირობოდ მნიშვნელოვანია მოწესრიგებული სანაპირო და კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა. ამ ეტაპისთვის შესაბამის სამსახურებთან ერთად ვმუშაობთ აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად საჭირო ფინანსური რესურსების მოსაძიებლად და ამ მხრივ რამდენიმე კონცეფციას განვიხილავთ. ქობულეთის ბულვარის პროექტი მაშტაბურია. სამუშაოების განსახორციელებლად 7 600 000 ლარია საჭირო“ – განაცხადა მირიან ქათამაძემ.
ინფრასტრუქტურული ღონისძიება სანაპირო ზოლის სავალი ნაწილის კეთილმოწყობას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ბულვარი, სადაც დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება სასეირნო ზოლი და სავალი ნაწილი, მოეწყობა ველო-ბილიკები, გაშენდება მწვანე ზოლი, დამონტაჟდება ახალი განათების სისტემები და ტრენაჟორები, ასევე აშენდება მრავალფუნქციური სპორტული მოედანი. პროექტი შშმ პირებისათვის ადაპტირებულია.
ქობულეთში სანაპირო ზოლის კეთილმოწყობა მრავალწლიანი პროექტია. გასულ წლებში მოწესრიგდა მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა, დაიწყო პლაჟზე ხელოვნური პლაჟწარმომქნელი მასალის შეტანა, რომელიც მომდევნო წლებშიც გაგრძელდება, მიმდინარეობს ახალი ნაპირდამცავი ჯებირების მშენებლობა, ასევე სამომავლოდ იგეგმება არსებული ჯებირების რეაბილიტაცია.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0