ქობულეთში მცხოვრებ რუსუდან რომანაძეს ელექტრო ეტლი გადაეცა

21/03/2018

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან ზაალ მიქელაძესთან ერთად სოფელ წყავროკაში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე რუსუდან რომანაძეს ელექტრო სავარძელი გადასცა. აჭარაში ჯანდაცვის სამინისტრო „შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა და ხანდაზმულთა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის“ პროგრამას ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს ელექტრო სავარძელ-ეტლები გადაეცემა. ერთ-ერთი ასეთი გადაადგილების საშუალება ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 28 წლის რუსუდან რომანაძეს გადაეცა. „მისასალმებელია, რომ დღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ჯანდაცვის სამინისტროს მეშვეობით შექმნილია ახალი პროგრამა – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის დამხმარე საშუალებების მიწოდება. ეს არის მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც ჩვენს რეგიონში ხორციელდება. უკვე 5 ელექტრო ეტლის გადაცემა მოხერხდა ამ მოკლე პერიოდში. ეს დიდი შეღავათია ოჯახისთვის, ეს არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით წინგადადგმული ნაბიჯი. წინასაარჩევნოდ, დაახლოებით 8-9 თვის წინ, ჩვენი აქ ყოფნისას ოჯახმა მოგვმართა თხოვნით ელექტრო ეტლთან დაკავშირებით და მიხარია, რომ დღეს უკვე ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში , შესაძლებელია მსგავსი ელექტრო-ეტლებით უზრუნველყოფა. რა თქმა უნდა, მომავალშიც გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას, რადგან ადამიანის უფლებების დაცვა და ზოგადად სოციალური მიმართულებით სხვადასხვა პროექტის განხორციელება, არის ჩვენი ხელისუფლების და ჩვენი გუნდის პრიორიტეტი.“ – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, ჯანდაცვის სამინისტროს შესბამისი პროგრამაში ცვლილება განხორციელდა. 2018 წლის ქვეპროგრამის ფარგლებში უკვე შესაძლებელია 10 ელექტრო სავარძელ-ეტლის შეძენა. რუსუდან რომანაძის გარდა ელექტრო სავარძელ-ეტლი უკვე გადაეცა 4 ბენეფიციარს. ერთი ეტლის შესაძენად გათვალისწინეულია 3580 ლარი. გარდა აღნიშნულისა, ქვეპროგრამით გაიცემა მექანიკური და ადაპტირებული სავარძელ-ეტლები ხანდაზმულებისა და შშმ პირებისთვის. ჯამში, პროგრამით გათვალისწინებულია 210 ეტლის შეძენა. ქვეპროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 115 800 ლარს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0