ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს პროფესიული განათლება

23/03/2023

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ვიდეო კონფერენცია ჩინეთის, გუიჯოუს პროვინციის წარმომადგენლებთან გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები სოფლის მეურნეობის, განათლების, ვაჭრობის, ბიზნესისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში. იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ, რეგიონის შესახებ დეტალურად ისაუბრა, მათ შორის ხაზი გაუსვა საინვესტიციო პოტენციალს.
ასევე, მნიშვნელოვანი დრო დაეთმო განათლების მიმართულებას. გუბერნატორმა აღნიშნა, რომ კერძოდ ქუთაისში 3 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა და მათ შორის ერთი საერთაშორისო უნივერსიტეტია, რომლის ინვესტიცია შეადგენს ერთ მილიარდ ევროს. სასწავლო პროცესი ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს და სტუდენტებს ლექციებს უკითხავენ მოწვეული პროფესორები მიუნხენიდან. გამომდინარე აქედან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია განათლების სფეროში თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს როგორც სტუდენტთა, ისე აკადემიური პერსონალის მობილობას. განათლების სფეროში კოოპერაციაზე საუბრისას გუბერნატორმა აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მიმართულებას ასევე წარმოადგენს პროფესიული განათლება. ზვიად შალამბერიძემ რეგიონის ტურისტულ პოტენციალზეც ისაუბრა. დასძინა, რომ იმერეთი საინტერესო და მიმზიდველი მხარეა და ამას ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა გაზრდილი რაოდენობაც ადასტურებს. უფრო მეტი ვიზიტორის მისაღებად 2023 წელს დაგეგმილ აეროპორტის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ მივიღებთ 3,5 კმ-იანი ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლს. გარდა ამისა ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი საშუალებას მოგვცემს დიდი ზომის თვითმფრინავები მივიღოთ, რაც ხელს შეუწყობს სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას სხვადასხვა ქვეყანასთან და ტვირთბრუნვის ზრდას. ასევე მინდა ავღნიშნო, რომ ჩინეთ-საქართველოს შორის არ არის პირდაპირი რეისები, ჩვენ შეგვიძლია ამ მიმართულებით წინ გადავდგათ ნაბიჯი და იმერეთსა და გუიჯოუს პროვინციას პირდაპირ ავია მიმოსვლაზე ვიმსჯელოთ.

“მსოფლიოს მასშტაბით ჩვენს რეგიონში წარმოებულ ღვინოზე დაინტერესება ყოველწლიურად იზრდება. ჩვენი რეგიონი გამოირჩევა უნიკალური ჯიშის ღვინის წარმოებით. აღსანიშნავია, რომ იმერული ღვინო და ღვინის მწარმოებლები წარმოდგენილნი იყვნენ აშშ-ში, ნიუ იორკში ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე, შესაბამისად მოხარული ვიქნებით იმერული ღვინის თქვენს გამოფენაზე წარმოჩენითა და იმპორტ-ექსპორტის ხელშეწყობით“ – აღნიშნა ზვიად შალამბერიძემ შეხვედრისას.

შეხვედრისას მხარის რწმუნებულმა ჩინელი კოლეგებისგან გუიჯოუს საერთაშორისო ალკოჰოლის გამოფენის მოწვევა მიიღო.
გუჯოუ არის ხმელეთზე გასასვლელი პროვინცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონში. მისი დედაქალაქი გუიანგი, პროვინციის ცენტრში. გუიჯოუს მოსახლეობა 38,5 მილიონს შეადგენს, რაც ჩინეთის პროვინციებს შორის მე-18 ადგილზეა. პროვინცია მდიდარია ბუნებრივი, კულტურული და გარემოსდაცვითი რესურსებით. მისი ბუნებრივი ინდუსტრია მოიცავს მერქანსა და სატყეო მეურნეობას, ხოლო ენერგეტიკა და სამთო მრეწველობა წარმოადგენს მისი ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს. ასევე არის ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა. 2021 წელს გუიჯოუს მშპ-მ მიაღწია 1,96 ტრილიონ იუანს (308,12 მილიარდი აშშ დოლარი), რაც წინა წელთან შედარებით გაიზარდა 8,1 პროცენტით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0