ქვეყანაში არ დარჩება ადგილი, სადაც მაღალი ხარისხის ინტერნეტი არ იქნება ხელმისაწვდომი

22/07/2022

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ამერიკულ კომპანია SpaceX-ის ბაზრებზე წვდომის რეგიონალურ დირექტორს ბენ მაკ უილიამსს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში კომპანია SpaceX-ის პროექტ Starlink-ის ამოქმედების საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. კერძოდ, 2023 წლიდან SpaceX საქართველო­ში Starlink-ის თანამგზავრული სისტემებით მაღალსიჩქარიან ფართოზოლოვანი ინტერნეტის მიწოდებას უზრუნველყოფს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, Starlink-ის საქართველოში შემოსვლითა და ოპერირების დაწყებით ფაქტობრივად ახალი ეტაპი იწყება ინტერნეტიზაციის კუთხით.

„ჩვენი ქვეყნის რთული გეოგრაფიიდან გამომდინარე, მაღალი ხარისხის ინტერნეტი ხელმისაწვდომი ყველა მხარეში არ არის, თუმცა 2023 წლიდან საქართველოში ოპერირებას იწყებს SpaceX-ის პროექტი Starlink-ი, რაც შესაძლებელს გახდის მაღალი ხარისხის სწრაფი ინტერნეტი ყველა მხარეში იყოს ხელმისაწვდომი. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტი ზოგადად ეკონომიკის განვითარებისთვის, მათ შორის ტურიზმის წასახალისებლად. ფაქტობრივად, ქვეყანაში არ დარჩება ადგილი, სადაც მაღალი ხარისხის ინტერნეტი არ იქნება ხელმისაწვდომი“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

SpaceX-ის ბაზრებზე წვდომის რეგიონალურ დირექტორთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0