“ქვემო ქართლის რეგიონში დავათვალიერეთ მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები. წელს საკმაოდ ნაყოფიერი წელი იყო, როგორც ამ რეგიონისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნის სხვა რეგიონებისთვისაც. ქვემო ქართლში პროექტები დაფინანსდა სხვადასხვა პროგრამების მიერ, როგორიც არის მთის განვითარების ფონდი, რეგფონდი, სოფლის განვითარების პროგრამა, სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფონდი. მოხდა, 43 მილიონ ლარამდე თანხის მობილიზება, საიდანაც დაფინანსდა 450 მდე პროექტი“-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა ქვემო ქართლში სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა. მიმდინარე სამუშაოები ილია ბეგიაშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი დოხტურიშვილთან და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. ქალაქ რუსთავში მიმდინარეობს დ. კლდიაშვილის ქუჩაზე არსებული სკვერის რეაბილიტაცია, პროექტის ფარგლებში განხორციელდება სკვერის შემოღობვის სამუშაოები, ტერიტორიაზე აშენდება მედიათეკა, მოეწყობა საბავშვო ატრაქციონი, ტრენაჟორები, საფეხმავლო და ველობილიკები, მოხდება სკვერში არსებული მინი სტადიონის რეაბილიტაცია და მოეწყობა საკალათბურთო მოედნი. ასევე, ქალაქ რუსთავში კონსტიტუციისა და ქაშაკაშვილის ქუჩებზე მიმდინარეობს ტროტუარების, გარე განათების, გაზონის და სარწყავი სისტემის მოწყობის სამუშაოები. მიმდინარეობს რჩეულიშვილის ქუჩის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოები. გარდაბანში სოფელ აღთაკლიის შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ბოლნისში სიონის ქუჩაზე ეგება ქვაფენილი, აღმაშენებლის ქუჩაზე კეთილმოეწყობა კორპუსების ეზოები.
“ქვემო ქართლში მოვინახულეთ როგორც გარდაბნის, ასევე რუსთავისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები. აღნიშნული პროექტები ხორციელდება, როგორც ადგილობრივი ბიუჯეტით, ასევე რეგიონული განვითარების ფონდიდან. დავათვალიერეთ, როგორც სკვერების, ასევე საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები, რომლებიც აქტიურ ფაზაშია“-განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.