ქვემო ქართლის რეგიონში 100 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიციის განხორციელება იგეგმება

04/02/2022

ქვემო ქართლის რეგიონში 100 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიციის განხორციელება იგეგმება, საიდანაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დაახლოებით 13 მილიონი ლარის სარგებელს მიიღებს. ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, მოადგილეებთან და სამხარეო ადმინისტრაციის სამსახურების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორს, გიორგი ჩიქოვანს და პროექტების განვითარების დეპარტამენტის უფროსს, ნუგზარ ხაინდრავას შეხვდა. სამხარეო ადმინისტრაციაში მიმდინარე განხილვისას მხარეებმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი, მზის ელექტროსადგურის პროექტის შესახებ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით მომზადებული კვლევები განიხილეს. მხარის პირველმა პირმა ყურადღება გაამახვილა რეგიონში მსხვილი საინვესტიციო პროექტების განხორციელებისა და ენერგიის ალტერნატიული წყაროების შექმნის აუცილებლობაზე, თუმცა, მისივე განმარტებით, უმნიშნელოვანესია პროექტების განხორციელების პროცესში მოსახლეობისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება. აღსანიშნავია, რომ 100 მგვტ. მზის ელექტროსადგურის მშენებლობა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ სამგორში, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის და არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგის „მუბადალას“ წევრი კომპანია „მასდარის“, ერთობლივი ძალისხმევით იგეგმება. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება: 80 – 100 მლნ. აშშ. დოლარია, გათვალისწინებულია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, დაიგეგმა სამომავლოდ, ერთობლივად განსახორციელებელი ღონისძიებები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0