„ქართუს“ კიდევ ერთი საჩუქარი თბილისს – იპოდრომის ყოფილი ტერიტორია დედაქალაქს გადმოეცა

05/10/2020

ყოფილი იპოდრომის ადგილზე თბილისის ცენტრალური პარკი გაშენდება. 36 ჰექტარი ფართობის ტერიტორია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა და თბილისის მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადასცა. ამასთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ჩხეტიანმა ბრიფინგი გამართეს. თბილისის მერმა საქველმოქმედო ფონდსა და ბიძინა ივანიშვილს საჩუქრისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თბილისის ცენტრალური პარკიც ფონდის დახმარებით მოეწყობა.

„საზოგადოებამ კარგად იცის, რომ დედაქალაქისთვის სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხებთან ერთად, ჩემი მერობის პირობებში, აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ თბილისში შეიქმნას უფრო მეტი მწვანე სივრცე, გასართობი პარკი თუ რეკრეაციული ზონა, სადაც თბილისელებს, დედაქალაქის სტუმრებს ექნებათ დროის გატარების ძალიან კარგი და სასიამოვნოდ გატარების შესაძლებლობა. მეტი მწვანე და ეკოლოგიურად სუფთა სივრცე, უფრო მეტი განაშენიანებული პარკი ნიშნავს მეტ სუფთა ჰაერსა და ჯანსაღ გარემოს, რაც, დამეთანხმებით, ჩვენს ქალაქს ნამდვილად სჭირდება. ჩვენ ამ მიმართულებით გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები და ეს გამოიხატება იმ პროექტების განხორციელებით, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში გაკეთდა მთელი ქალაქის მასშტაბით. მზიურის განახლებული პარკი, რომელიც მართლაც ულამაზესია; გლდანში მეექვსე მიკრორაიონში, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით გაკეთებული პროექტი, ასევე, კიკვიძის პარკი რომელიც ყოველდღიურად დატვირთულია და იქ მცხოვრები ადამიანები ყოველდღიურად სარგებლობენ და ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს დაგეგმილი ამ მიმართულებით. მათ შორის, ვაკის პარკის რეაბილიტაცია, რომელიც დაწყებულია და ქალაქს ექნება ძალიან კარგი რეკრეაციული სივრცე ამ პროექტის სახით. საზოგადოებამ კარგად იცის, რომ უკვე ათწლეულებია, ფონდი „ქართუ“ უამრავ საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს. მათ შორის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება სწორედ ბუნებაზე ზრუნვა, მთელი ქვეყნის მასშტაბით მწვანე სივრცეებისა და უნიკალური პარკების შექმნაა, რომელთაგან დიდი ნაწილი ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათად იქცა. აქ, შემიძლია, მაგალითად მოვიყვანო ბოლოს განხორციელებული დენდროლოგიური პარკის პროექტი, რომელიც ულამაზესია, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, ვფიქრობ, რომ რეგიონში ერთ-ერთი წარმატებულია. ჩვენი დედაქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა, რადგან ბიძინა ივანიშვილი და ფონდი „ქართუ“ მუნიციპალიტეტს, ქალაქის ცენტრში, სრულიად უსასყიდლოდ გადასცემს ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას, სადაც ასევე „ქართუს“ დახმარებით გაშენდება თბილისის ცენტრალური პარკი, რომელიც რამდენიმე ათეული მილიონი დაჯდება. პროექტზე მუშაობს ჰოლანდიური კომპანია, თითქმის დასრულებულია, მიმდინარეობს სამუშაოების ბოლო ეტაპი. ჩვენ ხვალ გვექნება სრული პრეზენტაცია ამ პროექტის და მომდევნო დღეების განმავლობაში მოგაწვდით ინფორმაციას, ზუსტ თარიღს, თუ როდის დაიწყება უშუალოდ მშენებლობა. დღევანდელი დღე, თითოეული თბილისელისთვის, თითოეული იმ ადამიანისთვის, რომელმაც იცის იპოდრომის ტერიტორიასთან დაკავშირებული ისტორია და პირადად ჩემთვის, ნამდვილად განსაკუთრებულია. იპოდრომის ტერიტორიის გადარჩენაში ფასდაუდებელია ფონდ „ქართუსა“ და პირადად ბიძინა ივანიშვილის წვლილი, რომელმაც აღნიშნული სივრცე გამოისყიდა, დღეს კი სრულიად უსასყიდლოდ, ქართველ ხალხს, თბილისსა და თბილისელებს გადასცემს. ამ მართლაც საშვილიშვილო საქმისა და მომავალი თაობების წინაშე გაწეული ღვაწლისთვის, მსურს, პირადად გადავუხადო მადლობა ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს ამ მართლაც მნიშვნელოვანი საჩუქრისთვის“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ფონდის გამგეობის თავმჯდომარის ნიკოლოზ ჩხეტიანის თქმით, ფონდი დედაქალაქში ურბანული ტყის აღდგენის პროექტსაც ახორციელებს, რომელიც მთაწმინდის ფერდობს და სხვა ტერიტორიებს მოიცავს.

„ფონდმა „ქართუმ“ 25 წლის განმავლობაში, 3 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის საქველმოქმედო პროექტი განახორციელა საქართველოში, ყველა მიმართულებით. ჩვენი მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გარემოს დაცვას. ამ მიმართულებით ჩვენ განვახორციელეთ ძალიან ბევრი პროექტი, წლების განმავლობაში ვზრუნავდით თბილისისა და ბათუმის ბოტანიკურ ბაღებზე, აღვადგინეთ ჩვენი დაცული ტერიტორიების, ნაკრძალებისა და ეროვნული პარკების ინფრასტრუქტურა. ახლახან დასრულდა დენდროლოგიური პარკი შეკვეთილში, რაც უნიკალურ პროექტს წარმოადგენს. მიმდინარეობს ურბანული ტყის აღდგენის პროექტი, რომელიც მოიცავს მთაწმინდის ფერდობს და სხვა ტერიტორიებს. ეს თბილისს ძალიან მალე გაუჩენს 700 ჰექტარის მოცულობის უნიკალურ ურბანულ ტყეს. რაც შეეხება ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას. ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის გადაწყვეტილებით, ის საჩუქრად გადაეცემა თბილისის მუნიციპალიტეტს და რაც მთავარია, ფონდი „ქართუ“ იღებს თავის თავზე ვალდებულებას, რომ უახლოეს პერიოდში მოაწყოს ამ ტერიტორიაზე ახალი, მულტიფუნქციური რეკრეაციული ზონა – თბილისის ცენტრალური პარკი. ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ თბილისს ჰაერივით სჭირდება ახალი რეკრეაციული ზონები, თბილისს უჭირს ამ მხრივ, გაიზარდა თბილისის მოსახლეობა. ეს პარკი მისცემს თბილისს შესაძლებლობას, ყველა მოქალაქეს, როგორც თბილისელს, ასევე დედაქალაქის სტუმარს, რომ დაისვენოს და დატკბეს თბილისის ბუნებით. თბილისი ჩვენი სახლია და ჩვენ ყველა ერთად უნდა ვზრუნავდეთ მასზე“, – განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

ბრიფინგის შემდეგ თბილისის მერმა და საქველმოქმედო ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ ხელი მოაწერეს ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0