საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგლა ჟვანია აცხადებს, რომ ”ქართული ოცნება” პარლამენტში უმრავლესობით მოვა და იმაზე უკეთესი შედეგი ექნება, ვიდრე მას წინა საპარლამენტო არჩევნებზე ჰქონდა. როგორც მან ჟურნალისტებს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა, ”ქართული ოცნება” ოქტომბრის არჩევნებში გადამწყვეტ წარმატებას მიაღწევს.
”მიზეზი ძალიან მარტივია – 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები მნიშვნელოვანწილად – დაახლოებით ნახევარი მილიონი ხმით ”ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ იყო გაყალბებული. უბრალოდ, ”ნაციონალებს” გაყალბების, კარუსელების, დაშინების რესურსი არ ეყოთ იმ მხარდაჭერის გადასაფარად, რომელიც ქართულმა საზოგადოებამ ”ქართულ ოცნებას” გამოუცხადა”, – განაცხადა ჟვანიამ.
მისი განცხადებით არჩევნებში მეორე ადგილზე ისევ ”ნაციონალური მოძრაობა” გავა და პარლამენტში დაახლოებით 15-17 დეპუტატით მოვლენ.
თავად მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას, ჟვანიამ განაცხადა, რომ პარტიაში საარჩევნო სიასა და მაჟორიტარობის კანდიდატებზე საუბარი ჯერ არ ყოფილა.