„ჩვენთან ერთად გაიმარჯვა ყველა იმ მოქალაქემაც, რომელმაც დღეს განსხვავებული არჩევანი დააფიქსირა, ვინაიდან დღევანდელი შედეგებით გამარჯვებულია არა მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური გუნდი, არამედ მთელი ქვეყანა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ცხადია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებლად გაიმარჯვა. დღეს კიდევ ერთხელ გაიმარჯვა საქართველომ და საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ. პირველ რიგში, გაიმარჯვა იმ ხალხმა, რომელმაც სწორი არჩევანი გააკეთა ჩვენი ქვეყნის შეუქცევადი დემოკრატიული განვითარებისთვის, მშვიდობისთვის, უსაფრთხოებისა და ერთიანი ძლიერი საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, ჩვენთან ერთად გაიმარჯვა ყველა იმ მოქალაქემაც, რომელმაც დღეს განსხვავებული არჩევანი დააფიქსირა, ვინაიდან დღევანდელი შედეგებით გამარჯვებულია არა მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური გუნდი, არამედ მთელი ქვეყანა“, – აღნიშნა კალაძემ.
მან მადლობა გადაუხადა საარჩევნო ადმინისტრაციას, რომელმაც, კალაძის თქმით, საკმაოდ უჩვეულო პანდემიის პირობებში წარმატებით გაართვა თავი საარჩევნო პროცესის გამართულ ორგანიზებას.
„ასევე გვსურს მადლობა გადავუხადოთ შსს-ს, რომელიც მოწოდების სიმაღლეზე მუშაობდა და მოქალაქეების უსაფრთხოება, მათი ნების გამოხატვა სათანადოდ უზრუნველყო; მადლობა ადგილობრივ და უცხოურ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ სახელმწიფოებს და ყველას, ვინც მორიგი დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაში საკუთარი წვლილი შეიტანა. პირველ რიგში კი მადლობა ჩვენს მხარდაჭერებს მონიჭებული ნდობისთვის, იმ მანდატისთვის, რაც დღეს კიდევ ერთხელ გადმოგვცა ქართველმა ხალხმა და გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, დაუზარებლად ვემსახუროთ ჩვენს ხალხსა და სამშობლოს, რათა შევქმნათ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი. დღეს თქვენ აირჩიეთ საქართველოს ევროპული მომავალი, თქვენი და თქვენი შვილების ნათელი მომავალი, მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა; თქვენ აირჩიეთ ჩვენი, ჩვენი წინაპრებისა და მომავალი თაობების ოცნება, რომ საქართველომ ერთიან ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი და ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს. მადლობა ნდობისთვის, ერთად საქართველოს წარმატებისთვის!“ – განაცხადა კალაძემ.