„ქართულმა ოცნებამ“ დაპირება ვერ შეასრულა და სამართლიანობის აღდგენის პროცესი არ დაწყებულა

24/08/2016

ბუტა რობაქიძეს დღეს 31 წელი შეუსრულდებოდა. ამ დღის აღსანიშნავად, მის საფლავთან გარდაცვლილის ოჯახის წევრები, ახლობლები და პოლიტიკოსები შეიკრიბნენ. ბუტა რობაქიძის მამის, სოსო რობაქიძის განცხადებით, ოჯახი დღემდე სამართლიანობის აღდგენის მოლოდინშია. როგორც მან განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ“ სამწუხაროდ, დაპირება ვერ შეასრულა და სამართლიანობის აღდგენის პროცესი არ დაწყებულა.

მისივე თქმით, ის მთავარ პროკურორს უკვე შეხვდა და შოთაძისგან მიიღო პირობა, რომ აღნიშნული საქმე ბოლომდე იქნება გამოძიებული. „მე შევხვდი ირაკლი შოთაძეს და მან მითხრა, რომ ეს საქმე ბოლომდე იქნება გამოძიებული. მე ვენდობი მას და ვიმედოვნებ, რომ ჩვენ, რასაც წლებია ვითხოვთ, დაკმაყოფილდება და დაისჯებიან როგორც შემსრულებლები, ისე დამკვეთები. სამწუხაროდ, ამ დრომდე ჩვენ ვითხოვთ იგივეს, რასაც წლების წინ ვითხოვდით. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ არაფერი გააკეთა სამართლიანობის აღსადგენად. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, გვაქვს უამრავი მტკიცებულება, რომ ბუტა არის განზრახ მოკლული, მკვლელები ამ დრომდე არ დაუკავებიათ, ხოლო ყოფილი მაღალჩინოსნები, კვლავ თავისუფლები არიან და სხვადასხვა ქვეყნებიდან მითითებებს გვაძლევენ“, – განაცხადა რობაქიძემ.

ბუტა რობაქიძის საფლავთან ასევე იმყოფებოდა პრეზიდენტის საპარლამენტო მრჩეველი ანა დოლიძე. ანა დოლიძის განცხადებით, ოჯახის წევრებს დღემდე არ აქვთ საკუთარი უფლებები აღდგენილი და მნიშვნელოვანია ამ საკითხთან დაკავშირებით, სამართლიანობის აღდგენა.

„ბუტა რობაქიძე არის სიმბოლო ძალადობრივი სისტემის, რომელიც არსებობდა ამ ქვეყანაში. დღეს მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს ბუტა და ის სისტემა, რასაც შეეწირა. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მისი თანამებრძოლები დღემდე აგრძელებენ ბრძოლას სამართლიანობისთვის და მათი უფლებები კვლავ არ არის აღდგენილი. ბევრ საქმეში არ არიან დამნაშავეები დასჯილი და ბევრი საქმე არ არის გახსნილი. მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ მათი უფლებებისთვის ბრძოლა“, – განაცხადა დოლიძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0