ქართული ჯარი იმსახურებს ყველაფერს საუკეთესოს

30/04/2023

ქალბატონო პრეზიდენტო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ბატონო თავდაცვის მინისტრო, თავდაცვის ძალების მეთაურო, ბატონო გენერლებო, ოფიცრებო, სერჟანტებო, კაპრალებო და რიგითებო, პატივცემულო სტუმრებო, გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს, – ამ სიტყვებით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მიმართა. მთავრობის მეთაურმა სამხედროებს ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

„დღევანდელი დღე მინდა მოგილოცოთ ყველას, ჩვენს გამორჩეულ და საამაყო სამხედროებს, რომლებიც ღირსეულად ემსახურებით ჩვენს ქვეყანას. მინდა ეს დღე მივულოცო ჩვენს დაუმარცხებელ, თავდადებულ და გმირ დაჭრილ-დაშავებულ მებრძოლებს, რომლებიც თავდაცვის ძალების ყველა ვეტერანთან ერთად მამაცურად იბრძოდნენ და კვლავაც იბრძვიან ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის. მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ღირსეული სამსახურისთვის, მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ქართული ჯარი წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის ძლიერ საყრდენს და მთავარ გარანტს. დღევანდელ დღეს, ჩემო ძმებო, მინდა ქედი მოვიხარო ყველა დაღუპული გმირი მებრძოლის ხსოვნის წინაშე, ჩვენი გმირი მეომრების ხსოვნის წინაშე, რომელთა ბრძოლასა და თავდადებაზე დგას ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და მომავალი. მათმა ბრძოლამ გააძლიერა ქართული იდენტობა, ჩვენი ეროვნული, ძლიერი საქართველოსი,”- განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, ქართული ჯარი იმსახურებს ყველაფერს საუკეთესოს. მან მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს ქართული ჯარის გაძლიერების ხელშეწყობისთვის.

„პატივცემულო სამხედროებო, მინდა ყველა თქვენგანს გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი თავდადებისთვის და ჩვენი სამშობლოს ერთგული სამსახურისთვის. ქართული ჯარი იმსახურებს ყველაფერს საუკეთესოს. ჩვენი ვალია, მაქსიმალურად დავაფასოთ თქვენი ღვაწლი და თქვენი ღირსეული სამსახური. საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ქართული ჯარი, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად იყოს დაფასებული თითოეული თქვენგანის სამსახური. მე ასევე მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ძალიან რთული დროა მთელ მსოფლიოში, რუსეთის აგრესიაა უკრაინაში, ომი, რომელიც არ ჩერდება. ისედაც რთულად პროგნოზირებად, ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ გარემოში ჩვენ, მთავრობას, ჩვენს ხელისუფლებას განსაკუთრებული გონიერება გვმართებს. ამავე დროს, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა გავაძლიეროთ ჩვენი სახელმწიფოს ინსტიტუტები და პირველ რიგში ქართული ჯარი, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ძალა, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის. იცით, რომ ჩვენ ვაგრძელებთ გრძელვადიანი გეგმის მიხედვით ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებას, ჩვენ ვაგრძელებთ თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესს და მე მჯერა, ჩვენი ჯარი კიდევ უფრო ძლიერი გახდება. დღევანდელ დღეს მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ნატოს წევრ ქვეყნებს, ყველას, ვინც ეხმარებოდა და ეხმარება ჩვენი ქართული ჯარის გაძლიერებას. კიდევ ერთხელ გილოცავთ თავდაცვის ძალების დღეს, გისურვებთ გამარჯვებას. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი,”- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პირად შემადგენლობას თავდაცვის ძალების დღე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს. 30 აპრილს საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები პროფესიულ დღეს – საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს ზეიმობენ. ქართული ჯარის 32 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე აღინიშნა, რომელიც მარშის თანხლებით, საქართველოს სახელმწიფო დროშისა და თავდაცვის ძალების დროშის შემოტანით გაიხსნა. ოფიციალური ღონისძიება სამხედრო ორკესტრის მიერ სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით დაიწყო, რომლის მსვლელობის დროსაც ქვემეხებიდან საზეიმო ზალპების გასროლის ხმა გაისმა. ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, დედაქალაქის მერი კახა კალაძე და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მე-4 ბრიგადის ტერიტორიაზე დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს. დღეს ქართულ ჯარს სამხედრო მოსამსახურეების ახალი ნაკადი შეემატა. 145 რეკრუტმა ღვთისა და ქვეყნის წინაშე სამხედრო ფიცი დადო. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასასრულს, ვაზიანის სამწყობრო მოედანზე ჯარისკაცის მრწამსი წაიკითხეს. ვაზიანის მე-4 ქვეით ბრიგადაში საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ქართული და უცხოური წარმოების იარაღისა და ტექნიკის გამოფენაც მოეწყო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0