ქართული ღვინო ჩინეთის „ქართული ღვინის სახლებში“

08/08/2016

8 აგვისტოს, თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონაში ქართული ღვინით დატვირთული 10 კონტეინერი გაფორმდა. პროდუქცია ჩინეთში, ,,ქართული ღვინის სახლებში“ გაიგზავნა.

ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი ესწრებოდნენ.

“ქართული ღვინის კონკურენტუნარიან კატეგორიად ჩამოსაყალიბებლად მნიშვნელოვანია საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია. ანალიზისა და წინასწარი მონაცემების განხილვის საფუძველზე, ჩინეთი საქართველოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ბაზრად გამოიკვეთა, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მრავალი აქტივობებია განხორციელებული და დაგეგმილი. 5 წლიან პერსპექტივაში, ექსპერტებთან ერთად განვიხილავდით ჩინეთში იმპორტის 1%-ის დაკავებას, თუმცა ბოლო 4 წლის აქტივობის შედეგად უკვე 1,5%-ია. 2016 წლის პირველი შვიდი თვის მონაცემით, ჩინეთში ექსპორტირებულია 2,5 მლნ ბოთლი ღვინო. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება. გამომდინარე იქიდან, რომ ღვინო ქართული კულტურის და ისტორიის ნაწილია, მნიშვნელოვანია ჩინეთის ბაზარზე ღირსეულად იყოს წარმოდგენილი,” – განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ლევან დავითაშვილმა.

პირველი „ქართული ღვინის სახლი“ 2015 წლის ივლისში ქალაქ იუში გაიხსნა. ქართულმა ღვინომ პოპულარობა მალე მოიხვეჭა და დღეს, ჩინეთის სხვადასხვა ქალაქში 10 ასეთი სახლი ფუნქციონირებს. ქალაქ იუშია ასევე განთავსებული სპეციალური საწყობი, სადაც ქართული ღვინო შეინახება და არსებული ღვინის სახლები სწორედ ამ საწყობიდან მომარაგდება. იუს საბაჟო საწყობში განთავსება დამატებით კომფორტს უქმნის ქართული ღვინის მყიდველებს და ამასთან, პროდუქცია დაცულია ფალსიფიკაციისაგან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0