ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ყველანაირ მეთოდს გამოიყენებს. როგორც ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ”ქართული ოცნება” შეშინებულია, რადგან დაინახა, რომ საფრთხე რეალურია.
„რა თქმა უნდა, სააკაშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ მას არ აქვს შანსი ხელისუფლებაში არჩევნების გზით მობრუნების და მე ამას ძალიან დიდი ხანია ვამბობ. მე ამას ვამბობ 2012 წლის 2 ოქტომბრიდან, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალურ მოძრაობას“ 40% დაუწერა, ამას ვამბობ იმ დღიდან, როდესაც დანაშაულებრივი კოჰაბიტაცია წამოიწყო ხელისუფლებამ დამნაშავე „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ვაცხადებ, რომ სააკაშვილი ყველა შემთხვევაში შეეცდება ეს დანაშაულებრივი კოჰაბიტაცია გამოიყენოს საკუთარი ინტერესებისათვის, გამოიყენოს ხელისუფლებაში მოსაბრუნებლად, გამოიყენოს იმისათვის, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნას. მოახერხებს თუ არა ამას ვერ გეტყვით, თუმცა ის, რომ ამის მცდელობა სახეზეა და ამისათვის ძალიან სერიოზულად ემზადებიან. ამის უფლება და საფუძველი მათ მისცა „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც დღეს შეშინდა, როდესაც დაინახა, რომ საფრთხე რეალურია, ხოლო როცა მე ვლაპარაკობდი, რომ ეს საფრთხე არსებობდა, მანამდე გონზე ვერ მოვიდნენ“, – განაცხადა ბურჯანაძემ.