საკანონმდებლო ორგანოში საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი იქმნება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ფრაქციის „ქართული ოცნება“ წარმომადგენელმა შალვა პაპუაშვილმა და პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენელმა ლევან იოსელიანმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან, საქართველოში ჩატარებული ყველა არჩევნები საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ აღიარებულია როგორც სანდო, გამჭვირვალე და კონკურენტული. მიუხედავად ამისა, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებდა, რათა მაქსიმალურად დაეხვეწა საარჩევნო სისტემა და აღმოფხვრილიყო ის მცირედი ხარვეზებიც კი, რაც წინა წლებში საარჩევნო პროცესს ახლდა თან. ჩვენ, როგორც მმართველი პარტია, კარგად ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოებამ მოგვანიჭა. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კულტურის უფრო მაღალ საფეხურზე ასაყვანად, საარჩევნო სისტემის მაქსიმალური სრულყოფისთვის, ყველა შემდგომ არჩევნებთან დაკავშირებით ყოველგვარი სკეფსისის და დაუსაბუთებელი ინტერპრეტაციების გამოსარიცხად, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მასშტაბურ საარჩევნო რეფორმას მოამზადებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“, როგორც პასუხისმგებლიანი, ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა იწყებს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო საარჩევნო რეფორმას დამოუკიდებლად იმისაგან, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი აღასრულებს მის საპარლამენტო მანდატს, თუ არა. საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი ათზე მეტი პუნქტისაგან შედგება და ითვალისწინებს ცვლილებებსა და პროცედურების დახვეწას მთელი რიგი მიმართულებებით, მათ შორის:
შეიცვლება ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების შემადგენლობის, მათ შორის ცესკოს თავმჯდომარის შერჩევის წესი.
ეუთო/ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად გადაისინჯება ნორმები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ. ასევე, გადაისინჯება საარჩევნო დავების განხილვასთან დაკავშირებული ნორმები, რათა უზრუნველყოფილი იყოს დავების დროული, გამჭვირვალე და ჯეროვანი გადაწყვეტა.
საქართველოს დიდ ქალაქებში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება ოთხი ერთზე თანაფარდობით პროპორციულ და მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემებს შორის. სხვა მუნიციპალიტეტებში თანაფარდობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, არანაკლებ ორი ერთზე თანაფარდობით პროპორციული სისტემის სასარგებლოდ.
რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დაინერგება ელექტრონული ტექნოლოგიები, რაც გამორიცხავს როგორც ყოველგვარ მანიპულაციას, ისე ადამიანურ შეცდომას და სამუდამოდ აღმოფხვრის დაუბალანსებელი ოქმების 30-წლიან პრობლემას.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, განიხილება საარჩევნო ბარიერის დაწევა 0-3%-მდე ფარგლებში, თუ პარლამენტში შემოვა დეპუტატების ის რაოდენობა (113 დეპუტატი), რომელიც საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილების განსახორციელებლად.
ჯგუფის მუშაობას წარმართავს ორი თანათავმჯდომარე საპარლამენტო უმრავლესობიდან შალვა პაპუაშვილი და ოპოზიციიდან მემორანდუმზე პირველი ხელმომწერი პარტიის წარმომადგენელი, საქართველოს პარლამენტის წევრი, ლევან იოსელიანი.
სამუშაო ჯგუფში, საპარლამენტო პარტიებთან ერთად, წარმოდგენილი იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაციები და საერთაშორისო პარტნიორები.
შესაბამისი კანონპროექტები პარლამენტს არა უგვიანეს 2021 წლის 1 მარტისა წარედგინება, ხოლო პარლამენტის მიერ კანონპროექტების მიღება კი მოხდება არაუგვიანეს 2021 წლის 1 მაისისა.
შალვა პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა იმ პარტიებს, რომლებიც უარს ამბობენ საპარლამენტო მუშობაში მონაწილეობის მიღებაზე, პირადი და პარტიული ინტერესები გვერდით გადადონ, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა, შემოვიდნენ პარლამენტში და არ გამოაკლდნენ ჩვენი ქვეყნისთვის ამ ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელების პროცესს.
„ჩვენ, პარტია „მოქალაქეებმა“ „ქართულ ოცნებასთან“ გავაფორმეთ მემორანდუმი იმისთვის, რომ აქ, ამ პარლამენტში ეს საარჩევნო რეფორმა მოგვეტანა. ჩვენ მოგვიწია ძალიან ბევრი წინაღობის გადალახვა, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მოვიტანეთ, მოვაწერეთ ხელი და დღეს უკვე იწყება მუშაობა იმისთვის, რომ ყოველი შემდგომი არჩევნები ამ ქვეყანაში ჩატარდეს კარუსელების, მკვდარი სულების, დაუბალანსებელი ოქმების და ათასი სხვა მანიპულაციების გარეშე. ყველა სხვა არჩევნები, რომელიც ამ ქვეყანაში ჩატარდება, პირველად 30 წლის შემდეგ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, იყოს გამჭირვალე და აღარ დაისვას მთავარი კითხვა – გაყალბდა თუ არა არჩვენები?! ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ, პარტია „მოქალაქეები“ ვიბრძოდით და ეს არის ის, რასაც ვთვლით, რომ მოვიპოვეთ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
მან ოპოზიციონერი კოლეგების წვლილი აღნიშნა.
„არ მინდა დავუკარგო წვლილი ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებს. არ მინდა ვთქვა, რომ ეს მარტო ჩვენი მონაპოვარია. მათ, ჩვენთან ერთად დაიწყეს ამაზე მუშაობა და მივმართავ ისევ მათ – შემოდით პარლამენტში და მივიყვანოთ ეს საქმე ბოლომდე! დასხედით ჩვენს გვერდით და საარჩევნო რეფორმა დავუტოვოთ ამ ქვეყანას იმიტომ, რომ ეს არის გამოსავალი, რომ აღარასოდეს ამ ქვეყანაში, არჩევნების შემდეგ, შემდგომი დღე არ იყოს დაპირისპირების, ერთმანეთთან შუღლის და საზოგადოების გახლეჩის საფუძველი“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.