ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მას NDI-ის კვლევა არ სჭირდება იმისათვის, რომ საზოგადოების განწყობა დაინახოს.
ბურჯანაძის თქმით, მან ძალიან კარგად იცის მოსახლეობის მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის შესახებ.
“იმის მაგივრად, რომ მოსახლეობის მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო, გაუარესდა. სიღარიბის მაჩვენებელი მოსახლეობისათვის არათუ გაუმჯობესდა, პირიქით-გაუარესდა. გაღარიბდა მოსახლეობის ის ნაწილიც, რომელიც მეტ-ნაკლებად ნორმალურად ცხოვრობდა. ძალიან ბევრ ადამიანს გაუჭირდა იმ არასწორი პოლიტიკის გამო, რომელსაც ხელისუფლება აწარმოებს”, – განაცხადა ბურჯანაძემ და დასძინა, რომ ამ ფონზე ხელისუფლების მიმართ მოსახლეობის კრიტიკული დამოკიდებულება ბუნებრივია.
მისი თქმით, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები მდგომარეობის სიმძიმეს ნამდვილად ვერ ხედავენ, რადგან სამწუხაროდ, სხვა პრიორიტეტებით არიან დაკავებული.
“ხელისუფლების წარმომადგენლები დაკავებული არიან იმაზე ფიქრით, როგორ გაიხანგრძლივონ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი. ბოლო პერიოდში საუბარია იმაზე ვინ იქნება სიაში, ვინ – არა, ვინ დატოვებს თანამდებობას და ვინ – არა. ეს არის მათი მთავარი საფიქრალი. ”ქართული ოცნება” ნამდვილად აუსრულდათ იმ ადამიანებს, რომლებიც არიან ხელისუფლებაში და არაადეკვატურად აფასებენ მოვლენებს”, – განაცხადა ბურჯანაძემ.