ერთადერთი, რაც შემიძლია აბსოლუტური დარწმუნებით ვთქვა, “ქართული ოცნება” ამ არჩევნებზე ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კვლევის შედეგებს, რომელიც GFK-მ “რუსთავი 2”-ის დაკვეთით ჩაატარა.
მთავრობის მეთაური ფიქრობს, რომ “ქართული ოცნება” პარლამენტში, სავარაუდოდ, 100-ზე მეტ ადგილს მოიპოვებს.
“ჩვენ ბევრი ასეთი კვლევა გვინახავს და გვინახავს განსხვავებული შედეგები არჩევნებზე. არჩევნები წინ არის. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ მოწოდებული ვართ, ჩავატაროთ ერთ-ერთი საუკეთესო დემოკრატიული არჩევნები საქართველოს უახლეს ისტორიაში და ვაჩვენოთ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი 2012 წლის არჩევნების შემდეგ, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ შეფასდა, როგორც დემოკრატიული არჩევნები, მხოლოდ იმის გამო, რომ მოხდა ხელისუფლების ცვლილება, მაგრამ ის არჩევნები ნამდვილად ვერ შეფასდება დემოკრატიულად, მისი წინასაარჩევნო პერიოდიდან გამომდინარე, სადაც იყო უზარმაზარი ზეწოლა ოპოზიციასა და ნებისმიერ განსხვავებულ აზრზე. ჩვენ ვაჩვენებთ აბსოლუტურად განსხვავებულ სტანდარტს და ეს იქნება ნამდვილად დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები. საქართველოს მოსახლეობა რასაც გადაწყვეტს, იქნება ის. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ არჩევნებში დიდი უპირატესობით გავიმარჯვებთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, საზოგადოების ძალიან დიდი გამოწვევაა პოლარიზაციის დაძლევა და ამ გამოწვევას მთავრობა მაქსიმალურად გაუმკლავდება, თუმცა, ეს ერთი და ორი დღის საქმე არ არის.
“საერთოდ, საქართველოში არანორმალურია, როდესაც ადამიანები ცხოვრობენ, სუნთქავენ და იკვებებიან პოლიტიკით. მგონია, რომ ეს ოდესღაც უნდა დამთავრდეს და ამ პოლარიზაციას ჩვენ ბოლოს მოვუღებთ. ეს არის ევოლუციური საკითხი და ერთ დღეში გადასაწყვეტი არ არის”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
“ქართული ოცნება” ამ არჩევნებზე ძალიან დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს
28/06/2016