ჩვენი ქვეყნების წინაშე მდგარი მთავარი გამოწვევა ტერიტორიული მთლიანობაა; მადლობა გადავუხადე კოლეგებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ ქართული მხარე ერთგული რჩება თავისი პოზიციისა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველა კონფლიქტი მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაიჭრას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობის მეთაურთა პლენარული სხდომის შემდეგ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერმა უკრაინელ კოლეგას ალექსი გონჩარუკს სუამ-ის სხდომის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა სუამ-ის წევრ სახელმწიფოთა შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ყველაფერი გაკეთდება, რათა ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი, მრავალი წლის განმავლობაში გაწეული შრომის შედეგად, რეალობად იქცეს.
„ამასთან ერთად, ხაზი გაესვა იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ლოგისტიკისა და სატრანსპორტო დერეფნების განვითარება, რაც ასევე შეუწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებს შორის თავისუფალი ეკონომიკური ზონის რეჟიმს და ეკონომიკას განავითარებს. მივესალმეთ აქ გამართულ ბიზნესფორუმს და საბაჟო სამსახურების ხელმძღვანელთა შეხვედრას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმების ხელმოწერით დასრულდა. გამოვხატავთ უდიდეს მადლიერებას უკრაინისადმი ამ ძალიან ნაყოფიერი წლისთვის. დარწმუნებულნი ვართ, რომ მომდევნო წელი სუამ-ში აზერბაიჯანის თავმჯდომარეობისას ასევე პროდუქტიული და ეფექტიანი იქნება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სუამ-ის წევრი სახელმწიფოების მთავრობის მეთაურებთან ერთად, პლენარულ სხდომაში მიიღო მონაწილეობა. სხდომის შემდეგ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დოკუმენტებს. მათ შორისაა განზრახულობათა ოქმი სუამ-ის წევრი სახელმწიფოების საბაჟო ადმინისტრაციებს შორის ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორების ურთიერთაღიარების შესახებ, რაც ავტორიზებულ ეკონომიკურ ოპერატორებს საშუალებას აძლევს, მსოფლიო მასშტაბით ისარგებლონ განსაკუთრებული ნდობით, როგორც ბიზნესსაზოგადოებაში, ისე მაკონტროლებელ ორგანოებთან ურთიერთობაში. ასევე გაფორმდა განზრახულობათა ოქმი სუამ-ის წევრი სახელმწიფოების საბაჟო ადმინისტრაციებს შორის საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის დასადასტურებლად ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების თაობაზე. შეთანხმების შედეგად, ახლად გაცემულ წარმოშობის სერტიფიკატზე უფლებამოსილი სუბიექტის (მებაჟე ოფიცერი) ხელმოწერასთან ერთად, დატანილი იქნება QR კოდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია წარმოშობის სერტიფიკატის ნამდვილობის დადგენა.