ქართველ პოლიტიკოსებს ზოგჯერ მუხრუჭი ღალატობთ

16/03/2016

ქართველი პოლიტიკოსები ხშირად აძლევენ საკუთარ თავს იმის უფლებას, რის უფლებასაც ჩვეულებრივ ვითარებაში არ მისცემენ, ზოგჯერ მათ მუხრუჭი ღალატობთ, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.მან აღნიშნა, რომ ყველაფერი, რაც ქართველ ჟურნალისტებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, გაიმეორა აბაშიძესთან შეხვედრაზეც.

“ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ სამწუხაროდ ზოგიერთი გავლენიანი ქართველი პოლიტიკოსის ანტირუსული განცხადებები არღვევს იმ ატმოსფეროს, რომლის ჩამოყალიბებაზე ჩვენ 3 წელია ვმუშაობთ. არ მინდა გვარების დასახელება, რადგან ეს ჩემს წესებს ეწინააღმდეგება, მაგრამ საქართველოს მთავრობის წევრები რუსეთს ცივილიზებული სამყაროს საფრთხედ მოიხსენიებენ, საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებენ რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ.
რუსეთში ამ გამონათქვამებს კითხულობენ და მტკივნეულად აღიქვამენ. ვფიქრობ, რომ წინსაარჩევნო ციებ-ცხელებისას ქართველი პოლიტიკოსები ხშირად აძლევენ საკუთარ თავს იმის უფლებას, რის უფლებასაც ჩვეულებრივ ვითარებაში არ მისცემენ. ზოგჯერ მათ მუხრუჭი ღალატობთ. ეს მუხრუჭი უნდა მოქმედებდეს და ისინი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდნენ იმას, რასაც ამბობენ მეზობელ ქვეყანასთან მიმართებაში”, -განაცხადა კარასინმა.

მისივე თქმით, მან ეს პოზიცია გააცნო ზურაბ აბაშიძეს და მისგან განმარტებებიც მიიღო. როგორც კარასინმა აღნიშნა, პრაღაში შეხვედრაზე აგვარებენ კონკრეტულ ამოცანებს და ერთმანეთს კამათისთვის არ ხვდებიან.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0