„ქართველი ხალხის და ჩვენი ხელისუფლების ურყევი პოლიტიკური ნებაა, საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კონფერენციაზე – „ევროკავშირი და პარტნიორები – მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის“ მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონფერენციის ესოდენ მაღალი წარმომადგენლობით ჩატარება საერთო ევროპული ფასეულობებისა და ევროპული ოჯახის საერთო ინტერესების მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას მოწმობს.
სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირისა და ევროპული ოჯახის წევრობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.
„ათწლეულების განმავლობაში, ევროკავშირი იყო და არის მშვიდობის, თანამშრომლობისა და სტაბილური განვითარების უნიკალური მოდელი. იგი უკვე დიდი ხანია, გასცდა მხოლოდ ეკონომიკური ორგანიზაციის ფარგლებს და გახდა თავისუფლების, სამართლიანობისა და დემოკრატიის გარანტია ევროპულ სივრცეში.
ღირებულებითი თანხვედრის გარდა, საქართველოსთვის ევროპული ინტეგრაცია პრაგმატულ არგუმენტებსაც ეფუძნება. ევროპული ოჯახის წევრობა ნიშნავს მშვიდობიან, სამართლის უზენაესობის პრინციპზე დაფუძნებულ სახელმწიფოს, ფუნქციონირებად ეკონომიკას, თვითრეალიზების საშუალებას ყველა თაობისთვის და საზოგადოების ყველა ჯგუფისთვის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველი ხალხისა და ხელისუფლების ურყევი პოლიტიკური ნებაა, საქართველო ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდეს. მისი თქმით, ეს მიზანი სათანადოდ აისახა საქართველოს პარლამენტის მიერ გასული წლის დეკემბერში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ მიღებულ სპეციალურ საპარლამენტო რეზოლუციაში, რომლითაც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია საქართველოს მთავარ საგარეო პრიორიტეტად და ამოცანად დაფიქსირდა. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ უფრო მეტიც, მიმდინარე წელს განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის საფუძველზე, ყველა ორგანოს კონსტიტუციურ ამოცანად განისაზღვრა, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა მიიღონ ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
„საქართველოს პარლამენტი და მთავრობა აქტიურად ვთანამშრომლობთ ასოცირების ხელშეკრულების წარმატებით განხორციელების უზრუნველსაყოფად. ახლახან დამტკიცებული 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგი ბევრად უფრო ამბიციური დოკუმენტია, ვიდრე მისი წინამორბედი. და პარლამენტი მზად არის, ძალიან მჭიდროდ და კიდევ უფრო მეტი ენერგიით ითანამშრომლოს როგორც მთავრობასთან, ისე სამოქალაქო საზოგადოებასთან, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ საქართველომ ყველა ნაკისრი ვალდებულება სწრაფად და წარმატებით შეასრულოს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ეს რეფორმები საქართველოს ევროპულ ოჯახთან დაახლოებას ემსახურება.
„საქართველო ახორციელებს უმნიშვნელოვანეს შიდა რეფორმებს იმისთვის, რომ ქვეყანა გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, ქვეყანაში ხორციელდება უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული რეფორმები, განხორციელდა წარმატებით საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის საფუძველზეც საქართველო ყალიბდება ევროპული ტიპის საპარლამენტო დემოკრატიად, ძლიერდება სასამართლოს დამოუკიდებლობა, ხორციელდება დეცენტრალიზაციის რეფორმა, უმნიშვნელოვანესი რეფორმები ხორციელდება ეკონომიკური მიმართულებით. პარლამენტმა დაამტკიცა გასული წლის ბოლოს მთავრობის მიერ შემოთავაზებული სპეციალური ოთხ პუნქტიანი გეგმა, რომლის საფუძველზეც დაჩქარდა ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და წლევანდელი პირველი ათი თვის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არის 4.9 % რაც არის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. იდგმება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობა, ამისთვის ტარდება სოციალური რეფორმები, და შეიძლება აღინიშნოს, რომ 2012 წლის შემდეგ, თუ 2012 წელს ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი იყო 1.6 მლრდ ლარი, დღეს უკვე ეს მაჩვენებელი 3.5 მლრდ ლარს შეადგენს, რაც ნიშნავს, რა თქმა უნდა, უკეთეს სოციალურ დაცვას, უკეთეს ჯანდაცვას ჩვენი მოქალაქეებისთვის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ტარდება უმნიშვნელოვანესი რეფორმები იმისთვის, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ამასთან ერთად, საქართველოს პარლამენტი ევროპელ პარტნიორებთან და მეგობრებთან თავის კავშირების გაფართოებას განაგრძობს.
„ჩვენ დაინტერესებული ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებების გაფორმებით, რაც საშუალებას მოგვცემს, გავაღრმავოთ ორმხრივი კავშირები და ამასთან, ევროპული ინტეგრაციის გზაზე ჩვენი კოლეგების წარმატებული გამოცდილება გავიზიაროთ.
ჩვენ დაინტერესებული ვართ ძლიერი და სტაბილური ევროკავშირით, რომლის თითოეულ წევრ სახელმწიფოს აქვს ერთიანი ხედვა და ერთიანი პოლიტიკა შიდა და გარე პროცესებთან დაკავშირებით. მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ჯერჯერობით არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ჩვენ, ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ვცდილობთ, მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ როგორც ევროკავშირის გაძლიერებაში, ასევე, მის ახლო თუ შორეულ სამეზობლოებში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.
ევროკავშირში არსებული გამოწვევების მიუხედავად, ღრმად მწამს, რომ ვიდრე ევროპის კონტინენტზე იქნება მშვიდობის და მდგრადი ეკონომიკური განვითარების საერთო ინტერესი, ევროკავშირს ყოველთვის ექნება არსებობის და კიდევ უფრო გაძლიერების პოტენციალი. საქართველო მზად არის, ამ საქმეში თავისი წვლილი შეიტანოს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კონფერენციას სიტყვით მიმართეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავამ, ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში – იანოშ ჰერმანმა და გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში – ნილს სკოტმა.
ორდღიანი კონფერენცია – „ევროკავშირი და პარტნიორები – მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის“ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით იმართება.
ქართველი ხალხის და ჩვენი ხელისუფლების ურყევი პოლიტიკური ნებაა, საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი
04/12/2017