საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა:
“ბატონო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო სტუმრებო, ქალბატონებო და ბატონებო, ჩემთვის დიდი პრივილეგიაა უნგრეთში, ევროპის ნამდვილ გულში და მის ერთ-ერთ უძველეს ქვეყანაში, მის მომხიბვლელ დედაქალაქ ბუდაპეშტში ყოფნა. თქვენთან ერთად ვიზიარებ აღფრთოვანებას მისი მდიდარი ისტორიით, იმ ბრძოლით, რასაც უნგრეთი საუკუნეთა განმავლობაში ეწეოდა ევროპისა და თავისუფალი სამყაროს დასაცავად არაერთი მტრისაგან. მომავალ წელს 50 წელი სრულდება პირველი კონსერვატიული კონფერენციიდან, რომელზეც პირველი მისასალმებელი სიტყვა ლეგენდარულმა პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა წარმოთქვა. უკვე ნახევარი საუკუნეა ამერიკული კონსერვატიული კავშირის მიერ ინიიცირებული მოძრაობა იბრძვის მსოფლიოში ტრადიციული, უზენაესი ფასეულობების განმტკიცებისათვის. ბუნებრივია, ჩემთვის ძალზე ამაღელვებელი იყო ამ უმნიშვნელოვანეს ფორუმზე მოწვევა. ამ შესაძლებლობისთვის დიდ მადლობას ვუხდი კონფერენციის ხელმძღვანელებს და ორგანიზატორებს. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩემს ძვირფას მეგობარს, პრემიერ ორბანს; უნგრელ ხალხს ძალიან გაუმართლა, რომ ამ რთულ ეპოქაში ასეთი ბრძენი და შორსმჭვრეტელი ეროვნული ლიდერი ჰყავს, რომელიც იცავს საკუთარი მამაცი ერისა და უნგრეთის ინტერესებს, ფუნდამენტური ღირებულებების სადარაჯოზე დგას და ნამდვილად სამაგალითო პოლიტიკოსი, მებრძოლი ქრისტიანი კაცია. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა თანამედროვე, ურთულესი გამოწვევებით აღსავსე ეპოქაში დავადასტუროთ, რომ ერთად ვდგავართ, და იმ ფასეულობებზე ვისაუბროთ, რომელიც საფუძვლად უდევს ამ ერთობას. სულ რამდენიმე დღეში მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 78 წლისთავს აღვნიშნავთ. თითქმის რვა ათწლეული გავიდა ისტორიაში ყველაზე დიდი ბოროტების, ფაშიზმის დამარცხებიდან. მას შემდეგ განვლილ დროში მთლიანად კაცობრიობამ, ჩვენმა ქვეყნებმა და ხალხებმა არაერთი რთული პერიოდი გამოიარეს. ჩვენ, ისევე როგორც სხვა ერებმა, გამოვიარეთ თავისუფლებისათვის ბრძოლის, სამოქალაქო ომების, ოკუპაციის, ეკონომიკური კოლაფსის, ავტოკრატიული რეჟიმის რთული პერიოდები. ასე რომ, ჩვენთვის უცხო არ არის გამოწვევები. მაგრამ ის, რაც მთელ მსოფლიოში ბოლო წლების განმავლობაში ხდება, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ისტორიაში ალბათ ყველაზე დრამატული მოვლენებია. პანდემიით გამოწვეული რთული ეკონომიკური და ჰუმანიტარული კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა ევროპის კონტინენტზე მიმდინარე მასშტაბურმა სამხედრო კონფლიქტმა. რუსეთის შეჭრამ უკრაინაში სათავე დაუდო ხანგრძლივ ომს, რომლის დასასრულიც არ ჩანს, რომელიც ყველას გვეხება. გაუმართლებელი ადამიანური მსხვერპლის, სასტიკი ნგრევის შეჩერება უდიდეს საერთო ძალისხმევას მოითხოვს. დღესაც, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს, ყველა ჩვენგანის, მთელი კაცობრიობის მიზანი და ამოცანა – მშვიდობის უზრუნველყოფაა. უნდა გავაცნობიეროთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ვგულშემატკივრობთ რა უკრაინას, უფრო მეტი უნდა ვიშრომოთ სამშვიდობო მოლაპარაკებების, ხანგრძლივი და სტაბილური მშვიდობის პირობების შესაქმნელად.
თქვენ იცით, რომ ჩვენ გადავიტანეთ მძიმე ომი რუსეთთან 2008 წლის აგვისტოში; ჩვენმა ქვეყანამ ამ ომში დიდი ადამიანური მსხვერპლი გაიღო; ჩვენი ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ; ქართველებმა კარგად ვიცით მშვიდობის ფასი. ქართველები მცირე, მაგრამ ძლიერი, თავისუფლებისმოყვარე ერია. მაგრამ როდესაც საჭიროა, ჩვენ თავდადებით ვიბრძვით თავისუფლების, საკუთარი ოჯახებისა და სამშობლოს დასაცავად. მთელ ჩვენს ისტორიაზე რომ არ ვილაპარაკოთ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც ჩვენ გადავიტანეთ არაერთი ომი ჩვენს ქვეყანაში; ბოლო წლებში ჩვენი მამაცი ჯარისკაცები ნატოს ალიანსის წევრ ქვეყნებთან ერთად იცავდნენ გლობალურ უსაფრთხოებას. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ერთ სულ მოსახლეზე გათვლით ჩვენ ყველაზე მეტი ჯარისკაცით ვიყავით წარმოდგენილი; 32 ქართველი გმირი ჯარისკაცი დაიღუპა ამ ბრძოლაში, ასეულობით კი – დაშავდა. ასე რომ, ვიცით რა, რა მოაქვს ომს, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მშვიდობისთვის. იესო ქრისტე ამბობს სახარებაში: ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი, ვინაიდან ისინი ღმრთის ძეებად იწოდებიან. ამ ურთულეს დროში, მიუხედავად არაერთი პროვოკაციისა და დესტაბილიზაციის მცდელობისა, ჩვენ შევძელით მშვიდობის უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ისტორიაში, ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნისას პირველად გვაქვს ხანგრძლივი და უწყვეტი მშვიდობა საქართველოში. უდავო ფაქტია, რომ დღეს გლობალური წესრიგი იცვლება. მსოფლიო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო. ამ რთული ვითარებიდან ვერავინ შეძლებს, მარტომ იპოვოს გამოსავალი. საჭიროა ერთიანობა, გლობალური თანამშრომლობა ახალი, უფრო სამართლიანი წესრიგისათვის. მხოლოდ ერთად დგომით შევძლებთ ამ მიზნის მიღწევას. მაგრამ რა გვაძლევს ძალას ამ ერთიანობისთვის? უპირველეს ყოვლისა, ეს არის ის ტრადიციული, უზენაესი, მარადიული, უნივერსალური ფასეულობები, რომელიც განსაზღვრავს მთელ ჩვენს ისტორიას და კულტურას, ჩვენს ყოველდღიურობას. ეს ფასეულობები მარტივად გამოითქმის – ეს არის რწმენა, თავისუფლება, მშვიდობა, ღირსება, სიმართლე, თანასწორობა, ოჯახის სიწმინდე, მშობლების, წინაპრების, ტრადიციების პატივისცემა, სამშობლოსა და ადამიანების სიყვარული, უკეთესი მომავლის იმედი. ყველაფერი, რაც შეიძლება შევაჯამოთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, ბრძენი და ჩვენს ქვეყანაში ყველაზე ავტორიტეტული ადამიანის მიერ შემოთავაზებულ პოსტულატებში – ღმერთი, სამშობლო, ადამიანი.
საქართველოს მთელი ისტორია სწორედ ამ ფასეულობებს ეფუძნება. არსებითად, ეს ფასეულობები ერთ წიგნში – სახარებაშია თავმოყრილი. ალბათ იცით, რომ ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც, ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნეში, ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად აღიარა. დაახლოებით იმავე დროს, მეოთხე საუკუნის მეორე ნახევარში ქართულად ითარგმნა სახარება; თუმცა ქრისტიანობის ქადაგება ჩვენთან გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ ქრისტეს პირველმა მოციქულებმა დაიწყეს. დიახ, ორი ათასი წელია მთელ ჩვენს ისტორიას და კულტურას სწორედ სახარების ფასეულობები განსაზღვრავს. ეს ფასეულობები ყოველთვის საფუძვლად ედო ქართულ იდენტობას, აერთიანებდა ჩვენი ხალხს. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ უძველესი, მაგრამ პატარა, რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, იმპერიებისა და ცივილიზაციების შეჯახების ეპიცენტრში მდებარე ქვეყანა გადაურჩა ისტორიის იმ ქარტეხილებს, რომლებმაც არაერთი დიდი და ძლევამოსილი იმპერია გაანადგურა. რასაკვირველია, ტრადიციების ერთგულება არ ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვათ განახლებაზე. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ბოროტება ხშირად სწორედ განახლების სახელით მოდის. ასე იყო ფაშიზმის შემთხვევაშიც, და არაერთხელ მთელს ისტორიაში. ჩვენმა პატრიარქმა ბრძანა, რომ თავისუფლებას – ცრუ თავისუფლების სახელით ებრძვიან. დიახ, ეს ნამდვილად ასეა. არავინ ებრძვის თავისუფლებას – მონობის სახელით, არამედ – ცრუ თავისუფლების; არავინ უპირისპირდება სიმართლეს – სიცრუის სახელით, არამედ – ყალბი სიმართლის სახელით; როგორ ცდილობენ ძალები, რომლებიც თავისუფლებას, სიმართლეს უპირისპირდებიან, საკუთარ მიზნებს მიაღწიონ? სწორედ ტრადიციული, ოჯახური ფასეულობების ნგრევით და ყალბი თავისუფლების თავსმოხვევით – ლგბტ პროპაგანდით, არასრულწლოვანი ბავშვებისათვის – მშობლების გვერდის ავლით სქესის შეცვლის დაკანონების მცდელობით, ასეთი ეგრეთწოდებული „სიახლეების“ იძულებით, რომელიც ადამიანს საკუთარ ფესვებს, ოჯახს, საკუთარ ტრადიციას, კულტურას, ისტორიას მოწყვეტს. ასეთი ადამიანის მართვა – ვინც დაივიწყა საკუთარი ისტორია, რწმენა – უფესვებო ადამიანის მართვა ადვილია. ამიტომაც, ასეთ რთულ დროში ჩვენი უმთავრესი იარაღი და დასაყრდენი სწორედ ტრადიციული, ქრისტიანული, ოჯახური, კონსერვატიული ფასეულობებია. დღესაც, დრამატულ განახლებათა – ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების განვითარების, ინდუსტრიული ზრდის, ურბანიზაციის, სოციალურ ცვლილებათა და გლობალიზაციის ეპოქაში, ჩვენ კვლავ, შესაძლოა, უფრო მეტადაც კი, გვჭირდება მორალური ორიენტირები, რომელთაც სწორედ ჩვენი ტრადიციები და ფასეულობები გვთავაზობს. სწორედ განახლების, განვითარების, არსებითი წინსვლის სურვილი მოითხოვს, რომ ყველა ახალ დაპირებას მკაფიო, დროში გამოცდილი კრიტერიუმების, ისტორიული ფასეულობების შუქზე შევხედოთ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს ვინმესადმი დაპირისპირებას. ჩვენ ვამბობთ მარტივ რამეს – არავის ინტერესები არ უნდა შეიზღუდოს – სხვათა ინტერესების გამო. ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი თითოეული მოქალაქის უფლებებს და ამას საქმით ვამტკიცებთ. 2014 წელს, ერთი მხრივ, ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად, მაგრამ ასევე, საკუთარი მოქალაქეების მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობით, ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც განუხრელად იცავს თითოეული მოქალაქის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს. მაგრამ ჩვენ ასევე ვიცავთ უმრავლესობის უფლებებს, რომელთათვის ოჯახი – ქალსა და მამაკაცს შორის ერთობაა, დედა – ქალია, მამა კი – კაცი. იმ ადამიანების, მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის უფლებებს, ვინც მხარი დაუჭირა ჩემს 2014 წლის ინიციატივას, რომლის შედეგადაც ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ მოგვიანებით კონსტიტუციაში შეიტანა ქორწინების, როგორც ქალის და მამაკაცის ერთობის დეფინიცია. ჩვენი საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა ტრადიციულ, კონსერვატიულ, ოჯახურ ღირებულებებს იზიარებს. ეს ფასეულობები მხოლოდ წარსულის მემკვიდრეობა არ არის, იგი ცოცხალი დღევანდელობაა, გარემო, რომელშიც ჩვენ გავიზარდეთ და გვსურს, ჩვენი შვილები აღვზარდოთ. მე ოთხი შვილის მამა გახლავართ და ქართველი მშობლების უდიდეს უმრავლესობასთან ერთად, მსურს ჩვენი მომავალი თაობები ქრისტიანობაზე დაფუძნებულ უნიკალურ ღირებულებებზე აღიზარდონ; ისე, როგორც ჩვენ აღგვზარდეს ჩვენმა მშობლებმა. ამიტომ, ჩვენ დავიცავთ ყველას უფლებებს, მაგრამ როგორც არ დავუშვებთ უმცირესობის წარმომადგენლებზე ძალადობას, ისევე არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას – უმრავლესობაზე. მხარს არ დავუჭერთ უმცირესობის მცდელობას, აგრესიული პროპაგანდით შეცვალოს ფასეულობები, რაც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას ღმერთის მიერ დადგენილად მიაჩნია, რომელსაც ქართველის იდენტობა, თვითმყოფადობა, მთელი ჩვენი ისტორია ეფუძნება. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ისტორიით. ვამაყობთ რომ ჯერ კიდევ XII საუკუნეში საქართველოს მართავდა თამარი, თამარ მეფე – კეთილგონიერებითა და სიბრძნით გამორჩეული ქალი, რომელიც არა დედოფლად, არამედ მეფედ იწოდებოდა. სწორედ მისი მმართველობის დროს გაჩნდა მსოფლიოში პარლამენტის ერთ-ერთი პირველი ჩანასახი; ამიტომ, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ საქართველოს პირველი რესპუბლიკა იყო ის ქვეყანა, რომელმაც თანამედროვე დემოკრატიას ჩაუყარა საფუძველი; 1921 წლის კონსტიტუციამ, იმ დროისათვის ერთ-ერთმა ყველაზე პროგრესულმა სამართლებრივმა დოკუმენტმა, მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველმა, ხმის უფლება მიანიჭა ქალებს, უზრუნველყო ეროვნული უმცირესობების უფლებები. ასე რომ, თანასწორობა, სხვისი ღირსების პატივისცემა – ჩვენი ტრადიციებია. ამავე დროს, იმ პერიოდში, როდესაც ყველაფერი ეროვნული იდევნებოდა, ილია ჭავჭავაძემ, დიდმა მწერალმა და საზოგადო მოღვაწემ, თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთმა უმთავრესმა შემოქმედმა, რომელსაც ქართველები ერის მამას ვუწოდებთ, გამოკვეთა თითოეული ქართველისათვის უმთავრესი ფასეულობები – მამული, ენა, სარწმუნოება. ჩვენი დღევანდელი კონსტიტუცია სწორედ ამ მემკვიდრეობას, ამ მონაპოვარს ეფუძნება; იგი იცავს და უზრუნველყოფს თითოეული ინდივიდის უფლებებს და, ამავე დროს, აღიარებს რა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში, მის განვითარებაში – განამტკიცებს უზენაეს და მარადიულ ფასეულობებს. ნება მომეცით მკაფიოდ განვმარტო: დიახ, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მართლმადიდებელი ქრისტიანია; მაგრამ ჩვენი კათოლიკეები, მუსლიმები, ებრაელები ჩვენს წინაპრებთან ერთად ქმნიდნენ ჩვენს დიდ ისტორიას და ქმნიან მის დღევანდელობას. ჩვენთვის ძალზე ძვირფასია მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და თანამშრომლობის ეს ისტორია. ჯერ კიდევ XI-ე საუკუნეში ჩვენი უდიდესი მეფე, დავით აღმაშენებელი რელიგიურ დღესასწაულებზე მეჩეთში სტუმრობდა მუსლიმებს პატივისცემის გამოსახატად. სხვათა შორის, საქართველო უნიკალური ქვეყანა იმითაც, რომ ქართველი და აზერბაიჯანელი, შიიტი და სუნიტი მუსლიმები დღესაც ერთსა და იმავე მეჩეთში ლოცულობენ. ისტორიულ ძველ თბილისში ერთმანეთის გვერდით არის მართლმადიდებლური ტაძარი, სომხური ეკლესია, კათოლიკური ეკლესია, მეჩეთი და სინაგოგა, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ ტოლერანტობაზე მიანიშნებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში, სადაც ებრაელები ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ცხოვრობდნენ, არასდროს ყოფილა მათი დევნა. ქართულ-ებრაული ურთიერთობის 26-საუკუნოვან ტრადიციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ჩვენს ერებს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი უნიკალური მეგობრული თანაცხოვრების უდიდეს აღიარებას ნიშნავს. ასე რომ, ტოლერანტობა ჩვენი უნიკალური ტრადიციაა და საფრთხეს წარმოადგენს არა რომელიმე რელიგია, უმცირესობა, ან განსხვავებული აზრი, არამედ ის, ვინც რწმენისა და ფასეულობების გარეშე, ცინიზმით შეიარაღებული, ხშირად სწორედ რელიგიის, დემოკრატიის, თავისუფლების სახელით – სინამდვილეში თავისუფლებასა და სიმართლეს უპირისპირდება. საქართველოს სწორედ თავისუფლების იდეალი ამოძრავებს საუკუნეთა განმავლობაში ევროპის ერთა ოჯახის სრულფასოვან წევრად გახდომისკენ სწრაფვისას. იმ ევროპის, რომელიც სწორედ ქრისტიანულ ფასეულობებს ეფუძნება. ჩვენი ხელისუფლების მიერ გატარებული მასშტაბური რეფორმების შედეგად დღეს ისე ახლოს ვართ ამ მიზანთან, როგორც არასდროს. ჩვენ უდიდესი ძალისხმევა გავწიეთ კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის, ეკონომიკური წინსვლისა და სოციალური სამართლიანობის უზრუნველსაყოფად; სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების გაძლიერება სამართლიანად იმსახურებს მიუკერძოებელი და ობიექტური შემფასებლების აღიარებას მთელ მსოფლიოში. ამაზე მეტყველებს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები. მაგალითად, World justice project-ის კანონის უზენაესობის ინდექსის 2022 წლის კვლევით საქართველო პირველ ადგილზეა აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდექსით ვუსწრებთ ნატოსა და ევროკავშირის არაერთ ქვეყანას. საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსით ლიდერი ვართ რეგიონში. Heritage foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით ევროკავშირის 11 ქვეყანას ვუსწრებთ. ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის 2021 წლის ღია ბიუჯეტის კვლევის მსოფლიო რეიტინგში საქართველო სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობის მიხედვით 120 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა. ჩვენ ხელისუფლების შრომის მონაპოვარია ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, დღეს უკვე – ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა პრემიერ ორბანს ამ ძალისხმევის დაფასებისა და მუდმივი თანადგომისათვის. დღეს ჩვენ ევროპისაგან ველით შორსმჭვრეტელ და სამართლიან გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ეს ჩვენი ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანი ძალისხმევის დამსახურებული აღიარება იქნება, კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, საქართველოს ადგილი ევროპაშია, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს! ძვირფასო მეგობრებო, ჩვენს რთულ დროში ყველა უნდა გავერთიანდეთ. მოდით, ვაქციოთ ჩვენი ქვეყნები – მშვიდობის, სტაბილურობის და კეთილდღეობის ადგილად. ბატონმა ორბანმა თავის დალასის გამოსვლაში იხუმრა, რომ უნგრეთი ნამდვილად არ არის სუპერძალა. საქართველოს, კიდევ უფრო პატარა ქვეყანას, მით უმეტეს, არასდროს ჰქონია ასეთი ამბიცია. მაგრამ მაინც, ჩვენ ვფლობთ სუპერძალას – ეს ძალა არის რწმენა, ჩვენი ოჯახები, ტრადიციები, მარადიული და უნივერსალური ფასეულობები. სწორედ ერთიანობით ჩვენ შევძლებთ დავუპირისპირდეთ ყალბი თავისუფლების და ყალბი სიმართლის სახელით მოსულ ბოროტებას და ნამდვილი, ტრადიციული, უზენაესი, ოჯახური ღირებულებებით დავიცვათ და შევინარჩუნოთ სამყარო ჩვენი შვილებისათვის და მომავალი თაობებისათვის”.
ქართველებმა კარგად ვიცით მშვიდობის ფასი. ქართველები მცირე, მაგრამ ძლიერი, თავისუფლებისმოყვარე ერია
04/05/2023