ქარელში ხილ-ბოსტნეულის შემნახველი სამაცივრო კომპლექსი გაიხსნა

27/07/2018

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცაში გაყინული ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმო გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა შპს „გლენბერის“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა. კომპანიამ, საერთო ჯამში, 5 მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, შიდა-ქართლის რეგიონის გუბერნატორის პირველ მოადგილესთან სიმონ გულედანთან და საქართველოში ისრაელის ელჩთან შაბთაი ცურისთან ერთად გახსნა სამაცივრო კომპლექსი და საწარმოო პროცესს გაეცნო. 1880 კვ.მ.-ზე გაშენებული სამაცივრო კომოლექსი, სრულიად თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რომელიც უნიკალური შოკური გაყინვის მეთოდის გამოყენებით 24 საათში გადაამუშავებს 20 ტონა ხილსა და ბოსტნეულს. კომპლექსში წელიწადში 1,200 ტონა სხვადასხვა ხილ-ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. პროდუქციის რეალიზაცია გათვლილია საექსპორტო ბაზარზე ევროკავშირის ქვეყენებში, ისრაელში, თურქეთში და პანამაში. სამაცივრო კომპლექსში მუდმივად 60 ადამიანი დასაქმებული, ხოლო სეზონურად ემატება 80 ადამიანი. კომპანიაში, 2018 წლის ბოლომდე, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მხარდაჭერით, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტი – ISO 22:000 დაინერგება.
2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 173 ახალი საწარმო დაფინანსდა. საიდანაც, შიდა-ქართლის რეგიონში შეიქმნა 20 ახალი საწარმო. სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0