სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ქარელის მუნიციპალიტეტის 13 სოფელში გზების, ხიდების და მოსაცდელების რეაბილიტაციისა და მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს – ამის შესახებ ინფორმაციას ქარელის მუნიციპალიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
გავრცელებულ ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში სოფელ ჭანდრებში 21 მეტრიან ხიდზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაობი ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა დაათვალიერა. პროექტი ითვალისწინებს ხიდის მოაჯირების რეაბილიტაციას, ორი დაზიანებული ბურჯის შეცვლას და სავალ ნაწილზე ახალი ფილის დასხმას. ხიდის მოუწესრიგებლობა განსაკუთრებულ პრობლემას უქმნიდა ავტომანქანების მფლობელებს, რადგან რთული იყო გადაადგილება. გარდა იმისა, რომ პრობლემა მოგვარდება ავტომფლობელთათვის, მოძრაობა უსაფრთხო გახდება ქვეითად მოსიარულეთათვის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისათვის.
სოფელ ჭანდრებში ხიდის რეაბილიტაცია კვირის ბოლომდე დასრულდება. სამუშაოებს შპს „ახალი სამშენებლო“ ასრულებს და პროექტის ღირებულება 12 986,90 ლარს შეადგენს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული 13 სოფლის გზების, ხიდების და მოსაცდელების რეაბილიტაციისა და მოწყობის სამუშაოები 2016 წლის აგვისტოს თვეში დასრულდება.