ქალაქის ქაოტური განაშენიანების წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მერიაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში წესდება დროებითი შეზღუდვა საცხოვრებელ სახლებზე კ2 კოეფიციენტის გაზრდასთან დაკავშირებით, რაც საშუალებას მოგვცემს, შევცვალოთ წლების განმავლობაში დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკა – თბილისის ცენტრალური და ისტორიული ნაწილის ქაოტური განაშენიანება, ისედაც მჭიდრო დასახლებებში“, -განაცხადა ნარმანიამ.
მისივე თქმით, ქალაქის ქაოტური განაშენიანებისა და დაურეგულირებელი მშენებლობების წინააღმდეგ მერია კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს. ცვლილებები თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებში შევა და დოკუმენტი, თბილისის მერის განცხადებით, საკრებულოს დასამტკიცებლად დღესვე გადაეგზავნება.
საცხოვრებელ სახლებზე კ2 კოეფიციენტის გაზრდა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებამდე შეიზღუდება, გენ. გეგმის საბოლოო ვარიანტში კი, დავით ნარმანიას განცხადებით, დადგინდება ქალაქის განაშენიანების ცივილური წესები, რაც დედაქალაქის მთავრობას თბილისში ქაოტური მშენებლობების დარეგულირების შესაძლებლობას მისცემს.
რაც შეეხება სხვა უბნებს, დროებითი შეზღუდვა მათ არ შეეხება, რათა გარეუბნებს განვითარების საშუალება მიეცეს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე თბილისის მერმა განაცხადა, დედაქალაქის მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი თბილისის გამწვანებაა და ამ მიმართულებითაც ძალიან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება, კერძოდ, იმ გამწვანებულ ტერიტორიებზე (სკვერები, ბაღები), რომლებიც საცხოვრებელ ზონებში ხვდება, განაშენიანება შეიზღუდება.
„ქალაქში აქტიური უნდა გახდეს „მწვანე სახურავების“ თემა, შესაბამისად, მშენებლობის პროცესში მწვანე სახურავებისა და ტერასების განვითარება დედაქალაქის მთავრობისგან წახალისებული იქნება სხვადასხვა ფორმით! დადგინდება სახურავების ერთიანი სტანდარტი, რათა ქალაქის გადმოსახედები იყოს ერთიანი და არ იყოს ამოვარდნილი საერთო კონცეფციიდან!“, – განაცხადა თბილისის მერმა.
დავით ნარმანიას თქმით, დარეგულირდება ქალაქის იერსახის მოწესრიგების წესები. ასევე, კონკრეტული უბნების განვითარებისას, შემუშავდება განაშენიანების რეგულირების გეგმები (გრგ), რაც იქნება კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიება თბილისში ქაოტური მშენებლობების განხორციელების წინააღმდეგ.