ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელიც სასახლის დაარსებიდან 67-ე წლისთავს მიეძღვნა. ღონისძიებას აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის ა.რ. განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი და ლექტორ-მასწავლებლები დაესწრნენ. ქალაქის მერმა პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა და მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისა და ღვაწლისათვის: „მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მასწავლებელთა დღის ოფიციალური თარიღი, ვთვლი რომ პედაგოგების დღესასწაული ყოველდღეა. თქვენი ცოდნა, ნიჭი, გამოცდილება, სიყვარული და ხალასი ბუნება გაგეზიარებინოთ ახალგაზრდებისათვის. ჩვენ კი, გვქონოდეს შესაძლებლობა იმისა, რომ ხელი შეგიწყოთ თქვენს რთულ საქმიანობაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ, არაერთი ღირსეული თაობა აღგეზარდოთ“. საზეიმო შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა მუსიკალური ნომრები. ღონისძიებაზე წლის საუკეთესო მოსწავლედ 16 წლის ნიკოლოზ ფუტკარაძე, ხოლო პედაგოგად 82 წლის კლიმენტი მეგენეიშვილი დასახელდა. გამარჯვებულებსა და პედაგოგებს საჩუქრები და ფულადი ჯილდოები გადაეცათ. ბათუმის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, რომელიც 1949 წელს დაარსდა, კოპლექსური დაწესებულებაა, სადაც შემოქმედებითი, სასწავლო, სახელოვნებო, ტექნიკური, ცეკვის, თეატრისა და სხვადასხვა ტიპის წრეები ფუნქციონირებს. ამ ეტაპზე დაწესებულებაში 36 უფასო წრე მოქმედებს, სადაც 1200-მდე ბავშვი სწავლობს.
ქალაქის მერი მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
18/10/2016