ქალაქის მერი ბათუმობის დღესასწაულზე დაგეგმილ ღონისძიებებს დაესწრო

04/09/2016

ბათუმში ქალაქის დღეები აღინიშნება. იუნკრების ხსოვნის პატივმიგების ღონისძიების შემდეგ, ქალაქის მერმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სტუმრებთან ერთად მსვლელობა მემედ აბაშიძის ქუჩაზე გააგრძელეს. ბათუმობასთან დაკავშირებით საზეიმოდ მორთული მემედ აბაშიძის ქუჩა არაერთ ღონისძიებას მასპინძლობს. აქ მიმდინარეობს ფოტოკონკურსი ,,ჩემი ბათუმი“, ფოტოგამოფენა ,,ბათუმი ჩემი სიყვარულია“, ხელნაკეთი ნივთების, თანამედროვე ქართული სამოსისა და კულინარიული გამოფენები, წიგნების გამოფენა-გაყიდვა, პრინტის საერთაშორისო ფესტივალი ,,Life N Style”-ის ქუჩის გალერეა. ევროპის მოედანზე მოეწყო ფლეშმობი. აქვე შეგიძლიათ დაათვალიეროთ ფოტოგამოფენა ,,ცეკვა და თანამედროვეობა“. 12-დან 19 სთ-მდე გაგრძელდება კონცერტი ბათუმური ბენდების მონაწილეობით.
დუმბაძის ქუჩაზე დილიდან დაიწყო ღონისძიება ,,პოეზია ბათუმში“, რომელზეც ბათუმელმა პოეტებმა და მხატვრულ კითხვაში გამარჯვებულმა მსახიობებმა ბათუმზე დაწერილი ლექსები წაიკითხეს. ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება ქალთა და ვაჟთა ხალხური ანსამბლებისა და ქალთა კამერული გუნდის წარმოდგენები. 20:00 საათზე კი ,,ჯაზ ბიგ ბენდის’ კონცერტები გაიმართება.
ქალაქის დღეების აღსანიშნავად დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებასთან ერთად, პატარებისთვის განსაკუთრებით გამორჩეულია საბავშვო კონცერტი, რომელიც 6 მაისის პარკის კოლონადებთან იმართება. 12-დან 18 საათამდე პატარების საზეიმო განწყობის შექმნაზე იზრუნებენ ვახტანგ ტატიშვილი და ნუგზარ კვაშალი, სტუდიები: ,,ლალე“, ,,ბასტი-ბუბუ“, ,,ლიმპოპო“, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ბავშვები და ,,მაქსილენდი“.
დღესვე, 19:00 სთ-ზე, ბათუმის ხელოვნების ცენტრში გაიმართება ღონისძიება ,,ბათუმური შეხვედრები“.
,,ბათუმობა 2016“ 4 სექტემბერს, ანბანის კოშკთან გალა კონცერტით დაიხურება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0