რუსთავში, სხვადასხვა ლოკაციებზე, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის, გაგარინისა და დუმბაძის ქუჩებზე გრძელდება საგზაო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში ხდება დაზიანებული საფუძვლის მოხსნა და ახალ სანიაღვრე სისტემასთან ერთად ბორდიურები ეწყობა, ასევე იგეგმება ასფალტის საფარის დაგება. ასფალტ–ბეტონის საფარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ქიმიკოსთა კულტურის სახის მიმდებარე ტერიტორიაზე და აზოტის სპორტსკოლის ეზოში. მე-16 მიკრორაიონში, კი #37 ბაღთან მისასვლელ გზაზე ბორდიურების მოწყობა ხორციელდება. დონეცკ-მეტალურგების ქუჩაზე, დუმბაძის #22-ში, ჭყონდიდელის დასახლებაში კი გომელაურის #12-ში, ნეკრასოვის #17-ში, მცხეთისა და გიორგაძის ქუჩაზე არსებულ საცხოვრებლებში დაწყებულია დაზიანებული სახურავების დემონტაჟი და მათი მოთუთიებული თუნუქის ფურცლებით შეცვლა. #6 საბავშვო ბაგა-ბაღის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა და პარალელურად ღობის მშენებლობა, #20 ბაგა-ბაღის შენობაში კი სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე გრძელდება შარტავას გამზირის შუა გამყოფი ზოლის რეაბილიტაცია, ტროტუარების მოპირკეთება და დეკორატიული ღობეების მოწყობა ქალაქის ცენტრალური ხიდიდან დიდების მოედნამდე. აქტიურად მიმდინარეობს კოსტავას გამზირის რეაბილიტაციაც. ტერიტორიაზე ამჟამად დეკორატიული კედლებისა და ღობეების მოსაწყობად მოსამზადებელი სამუშაოები, სადარბაზოებში კარ-ფანჯრების გამოცვლა, საკავმურების აღდგენა-გალესვა, გზის სავალ ნაწილზე ბაზალტის ქვებისა და ბეტონის საფარის დაგება, ასევე ტროტუარების მოპირკეთება მიმდინარეობს. რუსთავში, მიმდინარე წლის ბოლომდე, ჯამში 17 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.
ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს
29/10/2016