ფშავის, პირაქეთა ხევსურეთისა და გუდამაყრის ტერიტორიებზე ახალი დაცული ტერიტორია “არაგვის დაცული ლანდშაფტი” შეიქმნება

19/03/2021

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ფშავის, პირაქეთა ხევსურეთისა და გუდამაყრის ტერიტორიებზე ახალი დაცული ტერიტორია “არაგვის დაცული ლანდშაფტი” შეიქმნება. საკითხთან დაკავშირებით მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, პირველ მოადგილესთან მაცაცო ნარიმანიძესთან ერთად, პროექტის ავტორებს და საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილეს იანა გაშპარიკოვას შეხვდნენ. მხარეებმა ექსპერტების მომზადებული დოკუმენტები და სახელმწიფო რწმუნებულის პროცესში ჩართულობისა და მისი მხარდაჭერის შესაძლებლობები განიხილეს. არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნის მიზანია დუშეთის მუნიციპალიტეტში, ფშავის, პირაქეთა ხევსურეთისა და გუდამაყრის ტერიტორიებზე შეიქმნას ახალი დაცული ტერიტორია – არაგვის დაცული ლანდშაფტი. აღნიშნული დაცული ტერიტორიის შექმნის მხარდაჭერაში აქტიურ მონაწილეობას იღებენ ჩეხი ექსპერტები და დუშეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩეხეთის რესპუბლიკას და საელჩოს საქართველოში დახმარებისთვის, რომელსაც ისინი საქართველოში, მათ შორის მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ახორციელებენ. დღევანდელ შეხვედრაზე პროექტის დეტალებს გავეცანით, ეს პროექტი არის უმნიშვნელოვანესი რეგიონისთვის ბევრი მიმართულებით, ერთ-ერთი მთავარი კი ტურისტული ნაკადების დაინტერესებაა, რაც საბოლოოდ დადებითად აისახება ადგილობრივ ბიზნესზე და მოსახლეობაზე,“-განაცხადა დავით ნიზაძემ.

„ჩეხეთს აქვს ექვსი პრიორიტეტული ქვეყანა განვითარების თანამშრომლობისთვის, ერთ-ერთი მათგანი საქართველოა. რაც შეეხება სექტორებს, ერთ-ერთი პრიორიტეტია მთიანი რეგიონების განვითარება, მაგალითად ახალი დაცული ლანდშაფტების მხარდაჭერა. სამიზნე არის არა მარტო ბუნების დაცვა, არამედ არის ასევე სოციალური კომპონენტები, კერძოდ თემების ჩართულობა, ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური ხელშეწყობა, რათა დარჩნენ მთიან რეგიონებში, სოციალური კომპონენტი შეიცავს განათლების აქტივობებს, ფერმერების მხარდაჭერას, რეინჯერების ჩართულობას, მაგალითად ხანძრის საწინააღმდეგო ღონისძიებებში. დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო კონტაქტების გაუმჯობესება ადგილობრივ მმართველობასთან და თვითმმართველობასთან, რათა ქართველმა პარტნიორებმა იცოდნენ ჩეხეთის განვითარების საქმიანობის შესახებ და შეგვატყობინონ ახალი იდეები, საჭიროებები, პროექტში რა არის დასამატებელი და ა.შ ,”-განაცხადა საქართველოშო ჩეხეთის ელჩის მოადგილემ იანა გაშპარიკოვამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0