„ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებას დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს

28/03/2023

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა. ცვლილებების თანახმად, ქვეყანა გაითვალისწინებს MONEYVAL-ის რეკომენდაციებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის შედეგადაც ექნება შესაძლებლობა, მოითხოვოს მთელ რიგ რეკომენდაციებზე შეფასების რეიტინგის აწევა. კანონპროექტით ნათლად განისაზღვრება ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფლებამოსილება ჩაატაროს სტრატეგიული და ოპერაციული ანალიზი. კანონში გაჩნდება ჩანაწერი, რომელიც ანგარიშვალდებულ პირებს დაავალდებულებს, რისკების შეფასების ეროვნულ ანგარიშში გამოთქმული შედეგები ასახონ მათივე რისკების შეფასებაში.
კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, მთავრობის მიერ საკანონმდებლო წესით წარდგენილი კანონპროექტი მნიშვნელოვანია, რადგან 12-პუნქტიანი გეგმის ნაწილსაც ეხება.

„კანონპროექტი ნაწილობრივ ეხება 12-პუნქტიანი გეგმის ნაწილს და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივაა”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0