ფრიდონ ინჯია საკონსტიტუციო ცვლილებებზე: გთავაზობთ „ოჯახური ღირებულებები“ შევცვალოთ „ქართული ღირებულებებით“

22/04/2024

„მე, როგორც ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს, არ მიმაჩნია რომ უნდა იყო ხელისუფლების და იმ კარგი საქმეების წინააღმდეგი, რასაც აკეთებს დღეს ეს ხელისუფლება“, – განაცხადა პოლიტიკურ ჯგუფ „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვაზე ქუთაისში.

როგორც ფრიდონ ინჯიამ აღნიშნა, მმართველმა პარტიის მიერ შემოთავაზებულია ჩანაწერი – „ოჯახური ღირებულებები“ და ა.შ.

„ჩემი შეხედულებით, მე შევცვლიდი და „ოჯახური ღირებულებების“ ნაცვლად ჩავწერდი – „ქართული ღირებულებები“. რატომ? ყველა ქვეყანას თავისი ღირებულებები აქვს და ზოგიერთ ოჯახურ ღირებულებებს სხვადასხვა ქვეყნებში, მათი გადასახედიდან აქვს ისეთი მნიშვნელობა, რომლებიც ჩვენთვის სრულიად მიუღებელია. ამიტომ, გთავაზობთ განხილვისთვის – სიტყვები „ოჯახური ღირებულებები“ შევცვალოთ „ქართული ღირებულებებით“ – ამაში ოჯახური ღირებულებებიც არის, ის ტრადიციებიც, ის ძალაც, რომელიც ყველა ქართველის სულშია და რომელმაც გადაარჩინა საქართველო. საუკუნეების წინ იყო იმპერიები, დღეს მათგან არაფერი დარჩა. ქართველი კაცი და ქართული სახელმწიფო იქნება მანამ, სანამ დედამიწა იტრიალებს“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

ქუთაისში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს. მოსახლეობასთან შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0