ფრაქცია „ქართული ოცნება“ ახალ საკანონმდებლო ცვლილებებზე გირგვლიანის შესწორებებზე მუშაობას იწყებს

29/01/2018

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება“ ახალ საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტზე იწყებს მუშაობას, რომელიც სახელმწიფოს ძალმომრეობისგან მოქალაქეთა დაცულობის მაღალ სტანდარტს და მართლმსაჯულების ხელშეუვალობას უზრუნველყოფს. აღნიშნულ ინიციატივაზე ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„12 წელი გავიდა მკვლელობიდან, რომლიც რეჟიმის მხრიდან ადამიანის მიმართ ძალადობის სიმბოლოდ იქცა. სანდროს გირგვლიანის მკვლელობა არ ყოფილა მხოლოდ ერთი ადამიანის, ერთი ოჯახის ტრაგედია, ეს იყო ხელისუფლების შეთქმულება მართლმსაჯულების და ადამიანის წინააღმდეგ. 2012 წელს, არ გაუმარჯვია მხოლოდ ერთ პოლიტიკურ კოალიციას, 2012 წელს ჩვენთან ერთად გაიმარჯვა სანდრო გირგვლიანმაც, 2012 წელს გაიმარჯვა ადამიანმა ძალადობრივ რეჟიმზე.
ეს საქმე ქართულ რეალობაში, გარკვეული თვალსაზრისით პოლიტიკური ღირებულების განმსაზღვრელიც გახდა. და ჩვენი ხელისუფლების გაცხადებული მთავარი ღირებულება არის სწორედ ადამიანი, რომელიც ყველა სისტემაზე, ყველა მიზანზე მაღლა დგას, როგორც უმთავრესი ღირებულება.
შესაბამისად, სანდრო გირგვლიანის საქმე მხოლოდ სამართლებრივი პროცესი არ ყოფილა.
სამართლებრივად საქმეზე სასჯელს იხდის 8 პირი და მსჯავრდებულია ექსპრეზიდენტი სააკაშვილი“, – განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.
მამუკა მდინარაძემ სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეფასებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გირგვლიანის ტრაგედიაზე საზოგადოების რეაქცია ექსპრეზიდენტის მხრიდან „პოლიტიკურ ცირკად“ შეფასდა.

„ის სრულიად უტიფრად შეეცადა, რომ გახმაურებული საქმე შეეფუთა როგორც სახელმწიფო მანქანის მიერ მკვლელობის სამწუხარო, მაგრამ ბანალური ფაქტი, ხოლო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალება კი ინსტიტუტების მიერ მომზადებული პროცესი და არა მისი პიროვნული გადაწყვეტილება.
სამწუხროდ ამას სერიოზული წინაპირობაც ჰქონდა.
სააკაშვილის ამ თავხედობას, მიზანმიმართულად უქმნიდა პოლიტიკურ და ფსევდოსამართლებრივ ფუნდამეტს მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც წინამორბედის დაცვაში ისე შორს წავიდა, რომ შერჩევითი მართლმსაჯულების და პოლიტიკური დევნის მსხვერპლადაც კი გამოაცხადა სააკაშვილი. მთელი თვის განმავლობაში ქართული საზოგადოება აკვირდებოდა როგორ ხმაშეწყობილად, ტანდემში საუბრობდნენ სააკაშვილი და მარგველაშვილი.
ფაქტია, რომ ის ასევე იქცევა სააკაშვილის მიმართ წაყენებული სხვა ბრალის შემთხვევაშიც. ჩვენი მოქალაქეების კუთვნილი 9 მილიონი ლარის გაფლანგვასაც პიჯაკების საქმედ მოიხსენიებს და პოლიტიკურ დევნად აფასებს, რითაც კიდევ ერთხელ აჩენს ეჭვის საფუძველს, რომ სააკაშვილის პასუხისმგებლობისგან არიდება მისი პოლიტიკური ამოცანაა“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მისივე განცხადებით, ფრაქცია „ქართული ოცნება“ საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად თვლის აღსრულდეს მართლმსაჯულება არამხოლოდ სანდრო გირგვლიანის და სხვა ანალოგიურ საქმეებზე, არამედ შეიქმნას პოლიტიკური და სამართლებრივი ბარიერები მსგავსი საქმის რეციდივების გამოსარიცხად.
„ფრაქცია იწყებს მუშაობას საკანონმდებლო ინიციტივათა პაკეტზე, რომელიც, ერთი მხრივ უზრუნველყოფს გაცილებით მაღალი სტანდარტით მოქალაქეთა დაცულობას სახელმწიფო ძალმომრეობისგან და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს მართლმსაჯულების ხელშეუვალობას – ეს იქნება ცვლილებების მთავარი არსი! რასაკვირველია, ახალი რეგულაცია ვერ გავრცელდება ძველ შემთხვევებზე და შეეხება მხოლოდ მოქმედ და მომავალ ხელისუფლებებს.
ამ ცვლილებებს სიმბოლურად შეიძლება “გირგვლიანის შესწორებები” დავარქვათ.
შესაბამისად, ჩვენი ფრაქცია იწყებს მუშაობას „გირგვლიანის შესწორებებზე“, რითაც ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის შეზღუდვის მაღალ სტანდარტს ვაწესებთ, რათა ვეღარასდროს ვერავინ გაბედოს მართლმსაჯულების აღსრულებისათვის ხელის შეშლა!“, – განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.
მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ფრაქციის შიგნით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს მოამზადებს. ცვლილებები კი მსგავს დანაშაულებებზე მკაცრი სანქციების დაწესებას განაპირობებს.
„დღეს გავახმოვანეთ მხოლოდ იდეა. მთავარი მიზანია ადამიანის დაცვა, მისი პატივი და ღირსება, მართლმსაჯულება და მისი დაცვა, დეტალები მას შემდეგ გახდება ცნობილი, როცა ამ რეგულაციებს მივიღებთ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ როდესაც ორი პრეზიდენტი, ყოფილი და მოქმედი საუბრობენ ერთ ხმაში ეს არის დამთხვევა თუ პოლიტიკური მიზანი – საზოგადოების გადასაწყვეტია.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უფრო არის პოლიტიკური ხმაშეწყობა, სადაც მარგველაშვილი ცდილობს და მისი პოლიტიკური ამოცანაა ყოფილი პრეზიდენტი რამენაირად გამოიყვანოს იმ დანაშაულიდან, რაც მიხეილ სააკაშვილმა წინა პერიოდში ჩაიდინა“, – განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0