საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები სალომე სამადაშვილი და თინათინ ბოკუჩავა ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდნენ. სალომე სამადაშვილმა და თინათინ ბოკუჩამ ვენეციის კომისიის ექსპერტებს გააცნეს ფრაქციის მოსაზრებები და რეკომენდაციები საპარლამენტო უმრავლესობის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ არჩევის საკითხთან დაკავშირებით მომზადებულ და ვენეციის კომისიაში გადაგზავნილ კანონპროექტზე.
„ვენეციის კომისიას გავაცანით ჩვენი შეხედულებები კანონპროექტთან დაკავშირებით, თუმცა მთავარი პრობლემა ის არის, რომ ვენეციის კომისიას, ფაქტიურად, ხელისუფლება არ აძლევს დროს იმისთვის, რომ შედეგიანად იმუშაოს ამ კანონპროექტზე. ვენეციის კომისია ჯერ არ არის ჩამოყალიბებული რამდენად სწრაფად მოასწრებს საკუთარი დასკვნების დაწერას და როგორც ჩანს, ეს პროცესი არის ფორმალობა“, – აღნიშნა შეხვედრის შეფასებისას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა.
თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, შეხვედრაზე ვენეციის კომისიის წევრებს გააცნეს კონკრეტული რეკომენდაციები, მათ შორის ის რეკომენდაციები, რომელიც იყო 15 პოლიტიკური პარტიის მიერ ხელმოწერილ წერილში ასახული.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ პარტიებს ძალიან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები აქვთ, ყველა თანხმდება იმაზე, რომ კანონპროექტი, რომლის მიღებაც ფორსირებულად ხდება, ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მართლმსაჯულების სისტემისთვის იქნება ძალიან საზიანო.