ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრობა ჩემი ერის ისტორიასა და კულტურაში ნამდვილად საეტაპო მოვლენაა

10/10/2018

დღეს საქართველო თავის ევროპულ ოჯახს უბრუნდება – ჯერ არა როგორც მისი სრულუფლებიანი წევრი, არამედ როგორც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის, ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების საპატიო სტუმარი; ყოველგვარი გაზვიადების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ნამდვილად არის საეტაპო მოვლენა ჩემი ერის ისტორიასა და კულტურაში, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიღებაზე შეკრებილ სტუმრებს, რომლებსაც დღეს ფრანკფურტში უმასპინძლა.

მთავრობის მეთაურმა საქართველოს მდიდარ და მრავალფეროვან კულტურაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა იმ წვლილს, რომელიც ქვეყანამ ევროპულ ცივილიზაციაში შეიტანა.

“საქართველო უდავოდ საინტერესო ადგილია. სამყარო ყოველდღიურად იცვლება. გამოწვევებითა და ბარიერებით აღსავსე გარემოში გვიწევს ცხოვრება და ზოგმა შეიძლება იდავოს, რომ ამ გამოწვევების გადალახვა სამხედრო ძალით ან ეკონომიკური ბერკეტებით შეიძლება. თუმცა, მინდა გაგახსენოთ, რომ კაცობრიობის ისტორიაში გამონაკლისებიც არსებობს და საქართველო მათ რიგს მიეკუთვნება. ამით ძალიან ვამაყობთ. დღეს ძალიან ემოციურები ვართ. ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული დღეა ყველა ქართველის ცხოვრებაში, რადგან უნიკალური შესაძლებლობა მოგვეცა, თქვენთვის წარმოგვედგინა საქართველო და ის წვლილი, რომელიც საერთო ევროპულ ცივილიზაციაში შევიტანეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. როგორც წიგნების გამოფენაზე დღეს ვიხილეთ, ღონისძიების “მთავარი კერძი” მდიდარი ქართული სამზარეულო ან დიდებული ქართული ღვინოა, რომლის დაყენების ტრადიცია ჩვენთან 8000 წლის ისტორიას ითვლის. თუმცა, მომეცით უფლება, ცოტა სუბიექტური ვიყო ამ საღამოს. ჩემი აზრით, “მთავარი კერძი”, რა თქმა უნდა, ქართული ლიტერატურაა, რომელიც ქართული თეატრით, ცეკვებითა და სიმღერებით, სახვითი ხელოვნებითა და სხვა შემოქმედებითი დარგებითაა “შეზავებული”. შესანიშნავი შესაძლებლობა მოგვეცა, ეს გამოცდილება და ემოციები თქვენთვის გაგვეზიარებინა”, – მიმართა პრემიერმა მიღებაზე შეკრებილ სტუმრებს.

მამუკა ბახტაძემ კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ქართველი ერისა და საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამ იდეის რეალობად ქცევაში მონაწილეობდა.

პრემიერ-მინისტრის სახელით გამართულ მიღებას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორი იურგენ ბოსი, გერმანელ გამომცემელთა ასოციაციის პრეზიდენტი ჰაინრიხ რითმიულერი, საქართველოს დელეგაციის წევრები, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის სტუმრები და ქართველი ავტორები დაესწრნენ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0