ფოტო-კონკურსის „ახალი წელი თბილისში“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

14/01/2016

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, ფოტო-კონკურსის „ახალი წელი თბილისში“ გამარჯვებულები დააჯილდოვა. კონკურსში, პირველი ადგილის მფლობელს, დავით პოპიაშვილს, 1 500 ლარი გადაეცა, მეორე ადგილზე გასულ ირაკლი ნადირაშვილს – 1 000 ლარი, ხოლო მესამე ადგილზე გასული მარიამ სეხნიაშვილი 500 ლარით დაჯილდოვდა.

თბილისის მერმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და გამარჯვებულებს შესაბამისი სიგელები გადასცა.

“ეს გახლავთ საინტერესო კონკურსი. საინტერესო იყო იმით, რომ ახალ წელთან და ქალაქის შესაბამის საახალწლო უზრუნველყოფასთან იყო დაკავშირებული. აღსანიშნავია, რომ ფოტოები სპეციალურად დაკომპლექტებულმა ჟიურიმ გადაარჩია და სამი საუკეთესო ნამუშევარი იქნა შერჩეული, რომელიც ერთის მხრივ, ჩვენი ქალაქის ისტორიას დარჩება და წლების შემდეგ არქივში, მუზეუმსა და ბევრ სხვა საინტერესო ადგილას შეგვეძლება ვნახოთ, თუ როგორ შეხვდა ჩვენი დედაქალაქი 2016 წელს, განახლებული, გალამაზებული, წინა წლებისგან განსხვავებულად მორთული და მეორეს მხრივ, ეს არის მხარდაჭერა იმ ადამიანებისა, რომლებიც ცდილობენ, რომ შემოგვინახონ საინტერესო ფოტოები, რათა პერიოდულად შეგვახსენონ ის ლამაზი ადგილები, რაც ჩვენს ქალაქთან, მის ისტორიასთან და ჩვენს საქმიანობასთან არის დაკავშირებული. მე ვფიქრობ, რომ საინტერესო კონკურსი გამოვიდა და სხვა მსგავს კონკურსებს თბილისის მერია მომავალშიც აქტიურად განაგრძობს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კონკურსი „ახალი წელი თბილისში“ 25 დეკემბერს გამოცხადდა. 7 იანვრის ჩათვლით, ნებისმიერ მსურველს საშუალება ჰქონდა გადაეღო თემატური საახალწლო ფოტო და განეთავსებინა სოციალურ ქსელში ჰეშთეგით ‪#‎ახალიწელითბილისში‬. საუკეთესო ფოტოსურათები, ცნობილი ფოტოგრაფებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ (მარი ნაკანი, გურამ წიბახაშვილი, ბესო გულაშვილი) გამოავლინა.

კონკურსის დასკვნითი ღონისძიება, თბილისის ისტორიულ მუზეუმ ქარვასლაში გაიმართა, სადაც კონკურსის საუკეთესო ნამუშევრები იყო გამოფენილი. ფოტო-კონკურსი „ახალი წელი თბილისში“, თბილისის მერიის ინიციატივით, წელს პირველად ჩატარდა.

კონკურსში გამარჯვებული ნამუშევრები თბილისის ისტორიულ მუზეუმ ქარვასლაში დაიდებს ბინას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0