ინდონეზიაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ესტონეთის ფინანსთა მინისტრს, ტომას ტინისტეს შეხვდა. მხარეებმა ერთმანეთს საჯარო ფინანსების მართვისა და საგადასახადო სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ გამოცდილება გაუზიარეს. საუბარი, ასევე შეეხო ციფრული ეკონომიკის განვითარების მიმართულებით დაგეგმილ ინიციატივებს. ივანე მაჭავარიანმა ესტონელ კოლეგას გააცნო მოგების გადასახადის რეფორმის მიმდინარეობა, მისი პირველი შედეგები და კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა ესტონურ მხარეს რეფორმის დანერგვის პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის. შეხვედრაზე, ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა ბიზნესის დაწყებისა და განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნისთვის, საქართველოს მთავრობის მიერ, სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. ესტონეთის ფინანსთა მინისტრმა პოზიტიურად შეაფასა ქართულ მხარესთან არსებული თანამშრომლობა და გამოთქვა მზაობა, მომავალშიც გააგრძელოს ქვეყნის მხარდაჭერა გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ესტონელ კოლეგას შეხვდა
15/10/2018