უხვმა ნალექმა, თიანეთის გარდა, პრობლემები შექმნა მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში

07/05/2024

მოსული უხვი ნალექის გამო, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად, გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად ხორციელდება. ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება ტექნიკური და ადამიანური რესურსით. სტიქიურმა პროცესებმა მნიშვნელოვნად დააზარალა თიანეთის მუნიციპალიტეტი, სადაც რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად, 10 ადმინისტრაციული ერთეული დაიტბორა. დაზიანდა შიდა საუბნო გზები, ხიდ-ბოგირები, ელექტრო გადამცემი ხაზები, ასევე დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, რამდენიმე სოფელს შეუწყდა ელექტრო ენერგიის მიწოდებაც. ამ ეტაპზე, უამინდობის გამო შექმნილი პრობლემების მოგვარების მიზნით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება. პარალელურად, მიმდინარეობს სტიქიისგან მიყენებული ზარალის აღრიცხვა. თიანეთის მუნიციპალიტეტში არსებულ ვითარებას გაეცნო მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული. დავით ნოზაძემ, პირველ მოადგილე გიორგი ჩიფჩიურთან და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერთან – ლევან წიკლაურთან ერთად, სტიქიის ადგილები მოინახულა და განაცხადა, რომ ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც უამინდობამ პრობლემები შექმნა, გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურად გაგრძელდება. შეგახსენებთ, რომ უხვმა ნალექმა, თიანეთის გარდა, პრობლემები შექმნა მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებშიც, სადაც შესაბამისი ღონისძიებები ოპერატიულად გატარდა. ასევე, გაცნობებთ, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო თოვლის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0